როდესაც ჩერნოვეცკის ფონდს დახმარებისთვის 7 შვილის დედამ – გურანდა თორუამ მიმართა, მეტად რთული წარმოსადგენი იყო ის აუტანელი პირობები, რომლებშიც ამ ოჯახს უხდება ცხოვრება! განა საკმარისია სოციალური დახმარების 540 ლარი, რომ 7 ბავშვი გამოკვებო და ამავე დროს უყიდი მათ წამლები, გადაიხადო კომუნალური გადასახადი?! გამოდის, რომ დღეში თითო სულზე 2 ლარზე ნაკლები იხარჯება…
კარგი დავუშვათ, უფროსები – 12 წლის გურამი, 11 წლის ბარბარე, 9 წლის გიორგი და 8 წლის ანანო ცარიელა პურს დასჯერდებიან და არ იტირებენ, მაგრამ რა უნდა უთხრას დედამ 4 წლის ანამარიას და 2 წლის ანდრიას, როდესაც ისინი საჭმელს ითხოვენ, მაცივრის კარებს გააღებენ და იქ სრული სიცარიელე დახვდებათ?! ან შესაძლებელია აუხსნა 4 თვის ქეთის, რომ „ბავშვთა კვება“ გაძვირებულია და რომ არა აფთიაქში მომუშავე კეთილი დეიდები, იგი მშიერი დარჩებოდა?!
შიმშილი – ამ ოჯახის ძალიან დიდი გასაჭირია, რომელსაც თან ერთვის უმძიმესი საყოფაცხოვრებო პირობები – ბეტონის იატაკი, ჩამსხვრეული მინები, დაბზარული კედლები, ჩამონგრეული ჭერი, ამორტიზირებული ავეჯი.
გაუმართავი კანალიზაციის სისტემა ხშირად გამოდის მწყობრიდან, რის გამოც ოთახში მოედინება ფეკალიები, ხოლო მილების შეკეთების არანაირი ფინანსური საშუალება არ არსებობს… საკუთარი ძალებით კი ამ „სტიქიას“ ახალგაზრდა ქალი ვერ უმკლავდება.
მიუხედავად ამ სასტიკი პრორობებისა, ბავშვები არ გაბოროტებულან. ეს თბილი და მოსიყვარულე პატარები ოცნებობენ, რომ დედამ არ იტიროს იმის გამო, რომ საჭმლის ფული არ აქვს, რომ ოთახში არ ყარდეს და კიდევ… ერთხელ მაინც რომ გასინჯონ ამ ზაფხულს ნაყინი?!
ჩერნოვეცკის ფონდი გვერდს ვერ აუვლის ამ ოჯახის გასაჭირს და ბავშვების დასაპურებლად აცხადებს საქველმოქმედო აქციას. ერთიანი ძალებით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ამ პატარებს, გავუთბოთ მათ გულები და ავარიდოთ შიმშილსა და ზამთრის სიცივეს!
მეგობრებო, თუ გაქვთ ამ ოჯახის დახმარების სურვილი, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თორუების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/338-torua/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
ეს პატარა ბავშვები სასწაულის მოლოდინში არიან! მათ სჯერათ, რომ კეთილი ადამიანები არ დატოვებენ ყურადღების და დახმარების გარეშე!