„მე მხოლოდ ცალი თვალით ვხედავ, ჩემი მშობლები და დები კი საერთოდ ვერ ხედავენ. ჩემი ძმაც ხედავს“, – გვეუბნება 11 წლის სალომე. – „მე მათ ვუყვები, როგორი ამინდია, როგორ ყვავილობენ ხეები; ვუყვები, რომ მარიამი ძალიან ლამაზად ხატავს, რომ გიორგის ძალიან კეთილი და ლამაზი თვალები აქვს, ქეთი კი პრინცესასავით იღიმის… დედა ამბობს, რომ ხუთნი ერთი თვალით ვიყურებით.“
დედა – მაია და მამა – ზურა უსინათლოები არიან და ვერაფერს ხედავენ. მათ არასდროს უნახავთ, როგორ იზრდებოდნენ და იცვლებოდნენ მათი შვილები; ვერც კი წარმოუდგენიათ, რამდენად ლამაზები არიან ისინი; მათ მხოლოდ შეხებით იცნობენ და გრძნობენ მათ სიყვარულს. ჩვენ, თვალხილულები, ვერასოდეს მივხვდებით, ეს რა გრძნობაა. ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ სხვისი ტკივილი, რადგან ოდესღაც რაღაც ყველას გვტკიოდა; შეგვიძლია თანავუგრძნოთ ადამიანს, რომელმაც ახლობელი დაკარგა, რადგან ისინი ჩვენც დაგვიკარგავს, მაგრამ თვალხილული ადამიანი უსინათლოს როგორ გაუგებს? ეს ალბათ შეუძლებელია.