ნებისმიერი მშობელი დიდ ტკივილს განიცდის, როდესაც მის შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მაგრამ ეს ტკივილი კიდევ უფრო მძიმდება, როდესაც იგი ვერაფრით შველის მისთვის ყველაზე საყვარელს ადამიანს!
8 წლის მარიამ კასრაძე ხერხემლის თანდაყოლილი თიაქარით დაიბადა. გადაიტანა 6 უმძიმესი ოპერაცია, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. გოგონა ვერ დადის, რადგან განუვითარდა ქვედა კიდურების დამბლა. მას ერთი ფეხი მეორეზე დიდი აქვს, ხოლო ტერფები – სრულიად ატროფირებულია. მარიამი ეტლის მეშვეობით გადაადგილდება, აწუხებს მწარე ტკივილები მენჯის არეში, შეუძლია მხოლოდ ხოხვით გადაადგილება, რასაც შინაგანად ძალიან განიცდის.
„როდესაც მარი პირველად მივიყვანე სკოლაში, – გვიამბობს ბავშვის დედა მანანა გულიშვილი, მან სინანულით მკითხა: „დედა, მე რატომ არ შემიძლია სხვებივით სიარული და სირბილი?“. გული დამეწვა, არ ვიცოდი რა მეთქვა… ყოველთვის ვცდილობ, რომ ბავშვი არ მოვწყვიტო სასკოლო ღონისძიებებს, ექსკურსიაზეც ვახლდი მას კლასთან ერთად… მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მარიმ არ იგრძნოს თავი ეულად და დაჩაგრულად, თუმცა მატერიალური სიდუხჭირე ბევრ დაბრკოლებას გვიქმნის“.
კასრაძეების ოჯახი წეროვნის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. 2008 წელს, რუსული ოკუპაციის დროს, მათ იძულებით დატოვეს სოფელი კეხვი და საკუთარ ქვეყანაში დევნილები გახდნენ.
მარიამის ინვალიდობის პენსია და მწირი სოციალური ფულადი დახმარება – ეს არის ამ ოჯახის შემოსავალი, რომელიც გასაკვირი არ არის, რომ ელემენტარულ პროდუქტებზე და ჰიგიენურ საშუალებებზეც კი არ ჰყოფნით. მარიამის მამა პერიოდულად უმუშევარია, რადგან წეროვანში პრაქტიკულად შეუძლებელია სამუშაოს შოვნა, თუმცა როდესაც რაიმე სეზონური სამუშაო გამოჩნდება სხვა ადგილას, იგი თავდაუზოგავად მუშაობს, რომ როგორმე შეავსოს მწირი საოჯახო ბიუჯეტი!
მეგობრებო, მარიამ კასრაძეს დღეს ჩვენი თანადგომა და დახმარება ესაჭიროება. სულ მალე იგი მე-3 კლასის მოწაფე გახდება, მაგრამ შესძლებს თუ არა სკოლაში წასვლას, ეს საკითხავია?! მას არც ჩანთა გააჩნია და არც სასკოლო ნივთები, ხოლო ეტლი, რომლითაც გადაადგილდებოდა, სრულიად არის გამოსული მწყობრიდან.
მოდით, გავუწოდოთ დახმარების ხელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილ კასრაძეების ოჯახს, გავუთბოთ გული პატარა მარიამს და მარიამობის ამ უდიდეს დღესასწაულზე ვაჩუქოთ მას მომავლის იმედი!
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ კასრაძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
ყოველადწმინდაო ღვთისმშობელო შეგვეწიენ და გაგვაძლიერე რწმენაში!