მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის დადგომამდე სამ კვირაზე მეტია დარჩენილი, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე უკვე შეუდგა მზადებას, იქნება ეს საახალწლო სუფრის „დაგეგმვა“ თუ საჩუქრების შერჩევა…
ჩერნოვეცკის ფონდშიც წინასაახალწლო განწყობა სუფევს. ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვემზადებით სადღესასწაულო სადილისთვის, რომელიც ტრადიციულად ფონდის ბენეფიციარებისთვის ეწყობა!
საახალწლო სადილი – ეს არ არის მხოლოდ პროდუქტების თუ მზა სადილის დარიგება. ეს არის საქველმოქმედო აქცია, რომელიც პირველ რიგში მიზნად ისახავს გასაჭირში ჩავარდნილი თანამოქალაქეების სულიერ თანადგომას!
ჩვენს ბენეფიციარებს შორის მრავლად არიან ხანდაზმული ადამინები, რომლებიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებს მარტოობაში და სიდუხჭირეში ატარებენ. ისინი მოკლებულნი არიან საოჯახო გარემოს, ნათესავებს, მეგობრებს, მათ არავინ არსად იწვევს, არაფერს ჩუქნის… ეს ადამიანები იმდენად გაუსაძლის ვითარებაში ცხოვრობენ, რომ სუპის თუ კარტოფილის პიურეს მომზადების საშუალებაც კი არ აქვთ, იყინებიან ცივ ოთახში და სასწაულის მოლოდინში არიან.
დიახ, სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მარტოხელა ხანდაზმულმა ადამიანებმა „სასწაული“ იხილონ, თავი არ იგრძნონ მიტოვებულად და არ დაეცნენ სულით!
მეგობრებო, კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ, ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით, ამიტომ შემოგვიერთდით, შეიტანეთ თქვენი წვლილი ჩვენს აქციაში და გაახარეთ მარტოხელა ხანდაზმული ადამიანები, მრავალშვილიანი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები!
ეს არის ჩვენი ფონდის ანგარიში GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საახალწლო სადილი). თქვენ შეგიძლიათ შესწიროთ ფონდს თანხა, რომლითაც შევიძენთ ჩვენი ბენეფიციარებისთვის პროდუქტებს, რათა ახალი წლის დღეებში მათ განსაკუთრებით ლამაზი და გემრიელი სუფრა შევთავაზოთ. თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი
მოდით ერთად მივულოცოთ ახალი 2019 წელი ჩვენს ბენეფიციარებს!