ტკივილი, შიში, შიმშილი – ეს ყველაფერი მოხუცი ქალბატონის ყოველდღიურ ცხოვრებას ახლავს თან, მიუხედავად ამისა უფლისა და კეთილი ადამიანების იმედი არ დაუკარგია.
უსინათლობაზე მეტად, მის გულს შვილის მდგომარეობა ამძიმებს. საჭირო მედიკამენტების შეძენაც კი არ შეულიათ, მათ ხომ თვიდან თვემდე თავი სოციალური შემწეობით გააქვთ.
– ანოლიტა, დიდი ხანია ესეთ მდგომარეობაში ხართ, როგორ უმკლავდებით ცხოვრები ამ გამოწვევას?
ანოლიტა: ვერაფერს ვხედავ, თუმცა უკვე შევეჩვიე ასეთ ცხოვრებას. ადრე ვმუშაობდი, ჩემი უსაყვარლესი ძმის გარდაცვალების შემდეგ კი, ნერვიულობის ფონზე დიაბეტი დამემართა და ნელ-ნელა მხედველობაც დავკარგე. დაახლოებით, 16 წლის განმავლობაში ვიტანჯებოდი, ნაწილობრივი მხედველობით, შემდეგ კი სრულად დავბრმავდი. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. წაქცეულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. უამრავმა ავადმყოფობა ერთდროულად იჩინა თავი, დიაბეტმა ამ ყველაფრის პროვოცირება მოახდინა და ფაქტობრივად უძლური გავხდი. ჩემს შვილს ძველებურად ესაჭიროება დედის დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ, მე მას უკვე ვერაფერში ვეხმარები.
– თქვენი მეუღლე სად არის?
ანატოლია: ჩვენი სიყვარული გულწრფელი და ძლიერი იყო, ცხოვრებამ კი ეს ყველაფერი მალევე წამართვა. ჩემი ბიჭი 7 თვის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. მადლობა ღმერთს, დედაჩემი გვეხმარეობდა და მე მუშაობის დრო და საშუალება მქონდა, რათა შემენახა ოჯახი… ის ჩემთვის უცვლელი გახდა, მე მისი მადლიერი ვარ მხოლოდ მისი დახმარებით გადავიტანე მეუღლის გარდაცვალება და შევძელი ჩემი შვილის, ჯონის გაზრდა.
– თქვენ ურთულესი მდგომარეობა გაქვთ. რა არის თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა?
ანოლიტა: ჩემი შვილის მდგომარეობაა ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა. ექიმებმა მას გლოუკომის დიაგნოზი დაუსვეს და ისიც კარგავს მხედველობას. მე შევეგუე უსინათლობას, მაგრამ იმას ვერ შევეგუები, რომ ჩემი შვილიც წყვდიადში გაეხვას. მის გარდა არავინ მყავს… იმისთვის, რომ მისი დიაგნოზი არ პროგრესირდეს, ძვირადღირებული წამლები გამოუწერეს, მაგრამ აბა, ჩვენი პენსიით რას გავწვდებით. მხოლოდ კომუნალურებსა და საკვებზე გვყოფნის. ჩემს ავადმყოფობებზე ფიქრიც არ მინდა, მთავარია ჯონი იყოს კარგად, ესეთია დედის ბუნება.
– ხო, მაგრამ თქვენც ძალიან ავად ხართ…
ანატოლია: კი, ძლივს დავდივარ, სახსრები, ხელები მტკივა. სარეცხს საერთოდ ვეღარ ვრეცხავ. მაღალი წნევები არ მასვენებს. ავად ვარ, მაგრამ ჩემი შვილისთვის ყველაფერს გავუძლებ. ძალიან მეხმარება, მივლის, ცდილობს საერთოდ არ დავიტვირთო.
– არავინ გეხმარებათ?
ანოლიტა: სახელმწიფო სოციალური შემწეობით გვეხმარება. ჩემი შვილი მეორე ჯგუფის ინვალიდია და პენსიას იღებს. ელემენტარულ საჭიროებებზე გვყოფნის მხოლოდ. არასდროს მიფიქრია, რომ შეიძლებოდა სიბერე ასეთ გაჭირვებაში გამეტარებინა. ეს კიდევ უფრო ართულებს ჩვენს მდგომარეობას.
… და რაც მთავარია, კეთილი ადამიანები გვეხმარებიან, რამდენიმე გოგო გავიცანი ეკლესიაში და სისტემატიურად მაკითხავენ სახლში. უკეთილშობილესი გოგოები არიან. მათთვის ფაქტობრივად უცხო ვარ, მაგრამ ოჯახის წევრივით მექცევიან. თქვენი ფონდი კი, მართლა არ ვიცი რა მეშველებოდა უთქვენოდ. თქვენი მედდები და ექიმები ჩემი ერთადერთი მკურნალები არიან.
– ესეიგი, თქვენ გჯერათ უცხო ადამიანების სიკეთის?
ანოლიტა: რა თქმა უნდა! ამ ადამიანებს ჩვენ ღმერთი გვიგზავნის. ხშირად ვლოცულობ მათთვის. ახლა განსაკუთრებით რთული პერიოდი მაქვს, სწორედ დღეს, უფალს დახმარებას ვთხოვდი და აი, ღმერთმა შეისმინა ჩემი ლოცვა და თქვენი თავი გამომიგზავნა. განა ეს არ არის სასწაული – ჭეშმარიტი სიკეთის არსებობა?!
– თქვენ თუ დახმარებიხართ უცხო ადამიანებს?
ანოლიტა: ჩემი შვილი ხშირად კითხულობს ბიბლიას, იქ წერია, რომ მარცხენა ხელმა არ უნდა იცოდეს, თუ რას ჩადის მარჯვენა, შესაბამისად არ შემიძლია ამაზე საუბარი. ბევრს დავხმარებივარ, მაგრამ არ მახსოვს, არ ვიმასხოვრებდი… ჩვენ ღარიბები ვართ, მაგრამ გაჭირვების მიუხედავად თანაგრძნობის უნარი არასდროს დამიკარგავს.
– თქვენ ახსენეთ, რომ ახლა ძალიან გიჭირთ, რას გულისხმობდით?
ანოლიტა: ხომ ხედავთ ჩვენს მდგომარეობას, თუმცა ამას კიდევ დაემატა ის ფაქტი, რომ სოციალურმა სამსახურმა დახმარება სამი თვით შეგვიჩერა. ისედაც ძლივს გაგვქონდა თავი, თუმცა სოციალურმა სააგენტომ შეგვატყობინა, რომ სახელმწიფო განმეორებით განიხილავს ჩვენს საკითხს და დახმარება სამი თვით შეგვიჩერებდა. საჭმლის ფულიც კი აღარ გვაქვს, ალბათ შიმშილით მოვკვდებით.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩემი დიაბეტის გამო მე განსაკუთრებული კვება მჭირდება, თუმცა ამაზე ფიქრსაც ვერ ვბედავ ამის საშუალება ნამდვილად არ მაქვს.
– მართველი ორგანოებისთვის თუ მიგიმართავთ და თუ დაგხმარებიათ ვინმე?
ანოლიტა: რაიონის გამგეობამ მხოლოდ ერთხელ დაგვიფინანსა წამლები… ეს იყო და ეს…
– რა გჭირდებათ ახლა ყველაზე მეტად?
ანოლიტა: თქვენი ფონდი ძალიან გვეხმარება, თქვენი თანამშრომლები რეგულარულად მაკითხავენ და ზრუნავენ ჩემზე. თუმცა ეს საკმარისი არ არის, მჭირდება წამლები, სარეცხი მანქანა და საწოლი, რადგან ამ ლოგინში წოლა აღარ შემიძლია ყოველ დილით ტკივილებით ვიღვიძებ. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი და წუწუნი… მერიდება, მაგრამ ასეა…
– რა რჩევას მისცემდით ჩვენს ფეისბუქ მეგობრებს?
ანოლიტა: გიყვარდეთ ერთმანეთი, დაეხმარეთ ერთმანეთს! ჩემმა სიბრმავემ მასწავლა გულით და გრძნობებით დანახვა. ვფიქრობ, რომ გულწრფელი სიყვარული და თანაგრძნობა გადაგვარჩენს.
ჩვენი ბენეფიციარი – ანოლიტა იმნაიშვილი ავად არის, მოხუცი და შეჭირვებულია, თუმცა რწმენას არასდროს კარგავს. ჩვენ გვაქვს საშუალება ამ კეთილშობილ ქალბატონს დავეხმაროთ და ვაჩუქოთ ბედნიერება.
თუ თქვენ არ შეგიძლიათ მატერიალურად დაეხმაროთ ანოლიტას, გააზიარეთ ეს პოსტი და გახდით კეთილი საქმის თანამონაწილე!
თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანოლიტა იმნაიშვილი) თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)