იმ საღამოს ბედნიერი მშობლები – ზვიადი და ლაურა ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრებს ამზადებდნენ. ბავშვები გარს ეხვეოდნენ მშობლებს, ხოლო მესამე დედიკოს მუცელში იჯდა და დაბადებას ელოდა. ამ დროს ზვიადი ცუდად გახდა, სუნთქვა გაუჭირდა და ლაურას დახმარებას სთხოვა…
ლაურას ყველა წამი კარგად ახსოვს, როგორ უსინჯავდა პულსს საყვარელ მეუღლეს, როგორ იგვიანებდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა… როგორ ეხვეწებოდა ზვიადს „არ დამტოვოო“… მაგრა სასწრაფომ ვერ მოუსწრო, ვერ გადაარჩინეს ზვიადი. 40 წუთში მისი სიცოცხლე შეწყდა.
დაქვრივდა ახალგაზრდა ქალი, ბავშვებმა უსაყვარლესი მამა დაკარგეს. მაგრამ ყველაზე მეტად პატარა ზვიადს არ გაუმართლა. მან ვერც მამა გაიცნო, და თანდაყოლილი ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა. საერთოდ რომ დაიბადა ისიც საკვირველია, რაც ორსულობის ბოლო თვეებში ლაურამ გადაიტანა, მტერს არ ვუსურვებთ!
– ლაურა, როდის აღმოაჩნდა პატარა ზვიადს ჯანმრთელობის პრობლემები?
ლაურა: ორსულობა მშვენივრად მიმდინარეობდა, ჯანმრთელ ბავშვს ველოდით. მეხუთე თვეში ვიყავი მეუღლე რომ გარდაიცვალა… სულ ვტიროდი და ვნერვიულობდი. ზვიადი გულის მანკით დაიბადა, ოპერაცია გაუკეთეს. ოპერაციის დროს ვითარება გართულდა, გული გაუჩერდა, ტვინი გაითიშა… ამან მთელი რიგი პრობლემები გამოიწვია. ახლა ბავშვს ცუდად ესმის, მხედველობაც დაქვეითებული აქვს. საერთოდ არ აქვს ღეჭვის რეფლექსი და ზონდით ვაჭმევთ.
– მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რა არის საჭირო?
ლაურა: პირის ღრუს მასაჟებია საჭირო, ყლაპვა რომ შეძლოს. რეაბილიტაცია გვჭირდება. ამის საშუალება არ მაქვს. უფროსი ბავშვები ძალიან განიცდიან მამის დაკარგვას, მაგრამ ყველანაირად მეხმარებიან, იციან, რომ ყველა რესურსი ახლა ზვიადის გამოსაჯანმრთელებლად გვჭირდება.
– ბავშვებიო, თქვენ რაზე ოცნებობთ?
ზაქარია (11 წლის): მამა ძალიან მენატრება, მე ახლა ოჯახში ყველაზე უფროსი ვარ. მაგრამ ძალიან მინდა ველოსიპედი.
ნინი (9 წლის): მე კი ძალიან მინდა პიანინო. თუ ვინმე მაჩუქებს გპირდებით რომ კარგად დავუკრავ და გავახარებ დედიკოს!
– ლაურა, თქვენ რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს?
ლაურა: მტერს არ ვუსურვებ რაც მე და ჩემმა შვილებმა გავიარეთ. ჩვენ დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი, მეუღლე, მამა, მეგობარი. ერთი ზვიადი უკვე დავკარგეთ და გთხოვთ, პატარა ზვიადის გადარჩენაში დამეხმაროთ! მჯერა, თქვენი დახმარებით ეს გამომივა!
– ბედნიერი როდის ხართ?
ლაურა: როცა ვიხსენებ ჩემს მეუღლეს. როგორ გავიცანით ერთმანეთი, როგორ შევუღლდით… ასეთი ადამიანები იშვიათობაა! სანამ ის ავად გახდებოდა, სოფელში ვცხოვრობდით, არაფერი გვაკლდა. 2014 წელს თირკმელის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს, ყოველ მეორე დღეს დიალიზზე უნდა ეარა. სოფლიდან გაგვიჭირდა სიარული და საცხოვრებლად გორში გადმოვედით. ავადმყოფობის გამო ზვიადი ძირითადად სახლში იყო და ბავშვებს უვლიდა, მე კი მუშაობა დავიწყე. თანხა ყოველთვის გვყოფნიდა, თან მშობლებიც გვეხმარებოდნენ. ახლაც მათი დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებოდით!
დიდი უბედურებაა მეგობრებო! როგორი უსამართლობაა, როდესაც სიკვდილი განაშორებს სიყვარულს! ეშმაკს სურს, რომ ჩვენ ვიტანჯოთ და ეს ტანჯვა, რაც უფრო მძაფრი და ხანგრძლივი იქნება ის ამით უფრო მეტად ხარობს. არ მივცეთ მას საშუალება დატკბეს საცოდავი ადამიანების ტანჯვითა და ვაებით. ჩვენ, ფონდში გვსურს რომ ლაურას და მისი შვილების ოჯახში გამოჩნდეს ღმერთი! რადგანაც მხოლოდ ის არის მსოფლიოს გამგებელი და განსაკუთრებით საქართველოსი!
ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს აქციას კორინთელების ოჯახის დასახმარებლად. როგორც ხედავთ, ლაურას და მის პატარებს ჩვენი იმედი აქვთ. მათ ესაჭიროებათ სარეაბილიტაციო კურსი ზვიადისთვის და პროდუქტები.
თქვენ პირადად შეგიძლიათ ესტუმროთ ოჯახს, ლაურას და ბავშვებს ძალიან გაუხარდებათ. დაუკავშირდით მას და უთხარით, რომ ის მარტო არ არის, რომ მას შეუძლია ჰქონდეს ჩვენი იმედი! ეს მათი მისამართია: გორი, თარხნიშვილის ქ. N18, ბინა 56. ტელ: 598 22 25 39
ასევე გაუზიარეთ ეს პოსტი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ აქციაში. ღმერთი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ უმწეო ბავშვებზე, ისინი ხომ მისი ანგელოზები არიან!
თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შესახებ, ვისაც დახმარება სჭირდება, მოგვწერეთ მათ შესახებ ფონდში: office-fsp@fsp.ge.