87-წლის კლარა ორეხოვსკაია პრაქტიკულად პარალიზებულია. ეს ხანდაზმული ქალბატონი საწოლს არის მიჯაჭვული, მას უამრავი დაავადება აწუხებს, ძალიან დასუსტებულია, უკანკალებს ხელები, უჭირს საუბარი, ხოლო ასთმური მოვლენები კიდევ უფრო ართულებს მის ისედაც სავალალო მდგომარეობას.
იგი ცხოვრობს ნახევრად დანგრეულ შენობაში, უკიდურესად დუხჭირ პირობებში და სრულ მარტოობაში. რამდენიმე წლის წინ მან ინსულტი გადაიტანა, მოგვიანებით კი ოთახში დაეცა და მოიტეხა თეძო. ამან საბოლოოდ „გაანადგურა“ ეს ხანდაზმული ადამიანი და სასოწარკვეთაში ჩააგდო.
კლარა ორეხოვსკაია მთელი ცხოვრება მუშაობდა დაწყებითი განათლების სისტემაში, კოლეგების და აღსაზრდელების მხრიდან ყოველთვის სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებდა, თუმცა ხანდაზმულობის ჟამს იგი მარტოობაში აღმოჩნდა.
ეს ხანდაზმული ქალი ქალიშვილმა უსინდისოდ მიატოვა, უარი სთქვა მის მოვლაზე და მოხუცი ქალი ლუკმა-პურის გარეშე დატოვა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა მისი ტკივილი, არის დისშვილი პავლე, რომელსაც ჩვენ გავესაუბრეთ:
-ხშირად ნახულობთ დეიდას?
პავლე: დავდივარ შეძლებისდაგვარად, რადგან ვმუშაობ და ყოველთვის ვერ ვიცლი. როდესაც მოვდივარ, მომაქვს მისთვის საკვები პროდუქტები, მოვუმზადებ ფაფას, გამოვხვეტავ, გავესაუბრები… მე თავად მიჭირს მატერიალურად და ვერ მომაქვს მისთვის წამლები. მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომლის ექთანი ხშირად მოდის აქ და უვლის დეიდას, ამარაგებს წამლებით. რომ არა თქვენ, ეს ქალი ცოცხალი არ იქნებოდა.
-ჩვენს გარდა ვინმე ეხმარება მას?
პავლე: სამწუხაროდ, მეტი არავინ ეხმარება. ჩერნოვეცკის ფონდის ჩარევის შემდეგ, დეიდაჩემი ოთხ თვეში ერთხელ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახის მედიკამენტებს იღებს. ეს არის და ეს… რჩება პენსია, რომელიც კომუნალურ გადასახადებს და ელემენტარულ საკვებს ხმარდება.
-ყველაზე მეტად რასთან დაკავშირებით განიცდის თქვენი დეიდა?
-ძალიან განიცდის ქალიშვილთან ურთიერთობას, ლოცულობს მასზე, მის კეთილდღეობაზე, მზადაა აპატიოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.
მეგობრებო, კლარა ორეხოვსკაია საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს. მოდით, გავუწოდოთ მას დახმარების ხელი, ვანუგეშოთ და გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე.
თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშებზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კლარა ორეხოვსკაია) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).