13 წლის ნინი როსტიაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში ცხოვრობს. გოგონა ზურგის ტვინის ამიოტროფიით დაიბადა და სავარძელს არის მიჯაჭვული. ამ ვერაგმა ავადმყოფობამ ბავშვს ფაქტიურად წაართვა მეტყველების უნარი. ტანისა და ფეხების კუნთები პარალიზებულია, თუმცა გონებრივი ჩამორჩენილობა არ აღინიშნება. ნინი ათვითცნობიერებს ყველაფერს და მწარედ განიცდის თავის მდგომარეობას. ბავშვს ხშირად ემართება ასთმური შეტევები, იწყებს ინტენსიურ ხველებას, კარგავს გრძნობას.
46 წლის ასმათი, ნინის დედა, ნამდვილად რომ გმირი ქალია! ის ფაქტი, რომ ბავშვი დღემდე ცოცხალია, სწორედ რომ მისი დამსახურებაა, რამეთუ იგი ძალ-ღონეს არ იშურებს შვილის მოსავლელად და მზადაა სიცოცხლე გაიღოს მისთვის. ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ ასმათს:
-როგორ უმკლავდებით გოგონას მოვლას თუ გავითვალისწინეთ იმ გარემოებას, რომ თქვენს ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს?
ასმათი: მე ჩემს სიცოცხლეს ნინის ვუძღვნი. იგი ჩემი შვილია და მე, როგორც დედა, ვალდებული ვარ ბოლომდე დავიხარჯო… მე ხომ იგი ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს! ღმერთი მაძლევს ძალას, რომ გავუმკლავდე პრობლემებს, რადგან ახლა არ არის სასოწარკვეთაში ჩავარდნის დრო.
-ბავშვს ხშირად ემართება ასთმური შეტევები?
ასმათი: კვირაში ერთხელ, თუმცა ხანდახან ორჯერ და სამჯერაც.. ვიძახებ „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადას, მაგრამ სანამ ისინი მოაღწევენ ჩვენს სოფელში, თავად ვისწავლე თუ როგორ უნდა აღმოვუჩინო პირველადი დახმარება. ჩვენ გვაქვს სანაციის მილები და ჟანგბადის ბალიში. როდესაც ნინი თბილისის კლინიკაში იწვა, მაშინ ადმინისტრაციამ საჩუქარად გადმოგვცა. ჯერ გვყოფნის, მაგრამ ხვალ რა იქნება არ ვიცი…
-ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეთ დახმარებისთვის?
ასმათი: მივმართე არაერთხელ სახლის გამაგრებასთან დაკავშირებით. ეს ძველი შენობაა და ლამის სადაცაა წაიქცევა და თავზე დაგვეცემა. მპირდებიან დახმარებას, მაგრამ ჯერ არაფერია სანუგეშო.
-ეს კიდევ ერთი დიდი საფიქრალია, არა?
ასმათი: რა თქმა უნდა. მეორე სართულზე ასვლა არ შეიძლება, სახიფათოა – ან კიბე დაინგრევა ან ჭერი ჩამოვარდება. ვართ „გამომწყვდეული“ პირველი სართულის ერთ ოთახში, სადაც არც წყალია, არც გაზი და არც საპირფარეშო. ჩემი მეუღლე, ნინოს მამა, შრომისუუნაროა, რამდენიმე ოპერაცია აქვს კუჭზე გაკეთებული, ვერ მუშაობს, აწუხებს კუჭის წყლული. მეუღლესაც მე ვუვლი…
– რით ცხოვრობთ?
ასმათი: სოციალური შემწეობა და ბავშვია პენსია… ყველაფერი წამლებში მიდის ფაქტიურად…
-ხომ არ გიცდიათ ნინის სკოლაში წაყვანა?
ასმათი: ვეცადე, მაგრამ ვერ შეეჩვია სასკოლო გარემოს. იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი არ შეუძლია, გაუჭირდა კონტაქტი თანატოლებთან. გარდა ამისა, ნინი არის ძალიან მგრძნობიარე ბავშვი. სამაგიეროდ, მე ვუტარებ გაკვეთილებს სახლში, იცის კითხვა, წერა, თვლა, ხატავს…
-მე ახლა ნინის გავესაუბრები და თქვენ დამეხმარეთ…
ასმათი: კი ბატონო. რცხვენია, მაგრამ ძალიან უყვარს ურთიერთობა.
-ნინი, აბა მითხარი, რაზე ოცნებობ?
ნინი: მე ვოცნებობ, რომ ფეხზე გავიარო და არ მქონდეს შეტევები.
-ყველაზე მეტად რა გიყვარს?
ნინი: ხატვა, მაქვს საღებავები და ფანქრები… მითავდება, თუმცა დედამ მითხრა, რომ ახალს გიყიდიო, მაგრამ ჯერ ფული არ მაქვსო…
-რაზე ოცნებობ?
ნინი: ნოუთბუქზე. ძალიან მინდა იგი! ინგლისურს ვისწავლი, მეგობრებს გავიჩენ… და კიდევ ვოცნებობ, რომ ჩემთან სახლში სტუმრები მოვიდნენ…
მეგობრებო, პატარა ნინი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. მოდით გავუწოდოთ მას დახმარების ხელი! ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი განვითარების პერსპექტივა ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ გაერთიანებული ძალებით. ჩვენ შეგვიძლია შევუქმნათ მას მომავლის პლაცდარმი. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ დატოვებთ ნინოს უყურადღებოდ. გფარავდეთ უფალი!
ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნინი როსტიაშვილი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
სურვილი და მზაობა დაეხმარო სხვა ადამიანებს, ყოველთვის ბრუნდება საპასუხო მადლიერებით!