33 წელი სარეანიმაციო განყოფილებაში ქირურგიის ინსტიტუტში ექთნად იმუშავა, უამრავი ადამიანი „გამოსტაცა სიკვდილს ხელებიდან“. თუმცა ეს აღარავის ახსოვს. ახლა ის საკუთარ პაციენტებზე უარესად გრძნობს თავს, თუმცა მისი მშველელი არსად ჩანს. ცხოვრების უკანასკნელ წლებს ქალბატონი მარიამი მარტოპბასა და სიდუხჭირეში ატარებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
მან გაგვიზიარა თავისი გულისტკივილი:
-მარიამ, გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ?
მარიამ ქავთარაძე: მამა მეორე მსოფლიო ომში გარდაიცვალა, დედა – 40 წლის წინ. მე არ გავთხოვილვარ. დაბადებიდან კოჭლი ვარ და ეს ძალიან მზღუდავდა. სიყვარული ვერ ვიპოვე, ოჯახი ვერ შევქმენი, ჩემი თავი საყვარელ საქმეს მივუძღვენი. 33 წელი მედ-დად ვიმუშავე რეანიმაციის განყოფილებაში, ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში. 2003 წელს წამოვედი სამსახურიდან და ძალიან მწყდება გული, რომ მას შემდეგ არავის გავხსენებივარ… ერთადერთი დისშვილი მყავს, რომელიც მაკითხავს ხოლმე… მხოლოდ მისი და თქვენი ფონდის იმედად ვცხოვრობ.
-ალბათ ძალიან გიჭირთ სირთულეებთან გამკლავება მარტო?!
მარიამ ქავთარაძე: ძალიან! შეხედეთ, მეზობლებმა წყალი ჩამომიშვეს და დახმარებაც კი არ უნდათ. ალბათ ჰგონიათ, რომ მალე მოვკვდები და ფულის დახარჯვა არ უნდათ. პატრული გამოვიძახე, თუმცა ვერაფრით ვერ დამეხმარა, ხოლო დეპუტატს, ლევან კობერიძეს ნამდვილად შევხვდებოდი… იქნებ ის მაინც დამეხმაროს.
-ჩვენ აუცილებლად მივწერთ წერილს…
მარიამ ქავთარაძე: უღრმესი მადლობა. ისინი სულ რაღაცეებს გვპირდებიან, თუმცა მერე ავიწყდებათ ხოლმე… რადგან ხნიერები ვართ, ჰგონიათ რომ სკლეროზი გვაქვს და არაფერი არ გვახსოვს… თუმცა ცდებიან.
-რა არის თქვენი შემოსავალი?
მარიამ ქავთარაძე: 200 ლარი პენსია და 60 ლარი სოციალური შემწეობა. თანხის ნახევარი წამლებზე მმეხარჯება. დანარჩენი – პურზე.
-რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
მარიამ ქავთარაძე: ალბათ საკვები, შიმშილით რომ არ მოვკვდე… სიმართლე რომ გითხრათ, ზოგჯერ ვფიქრობ სიკვდილზე, შეიძლება უკეთესიც კი იყოს… არავის ვახსოვარ… მხოლოდ ვაწუხებ ადამიანებს… ახალგაზრდები იღუპებიან მე კიდევ ცოცხალი ვარ.
მეგობრებო, გვსურს თქვენი ყურადღება ამ მარტოხელა ქალბატონის მდგომარეობაზე გავამახვილოთ. არავინ იცის ჩვენ რა გველის წლების შემდეგ, ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს ესეთ მდგომარეობაში. ჩვენ არაერთ მოხუცს გავუთბეთ გული და ქალბატონ მარიამსაც არ დავტოვებთ მარტო! ჩვენ დავეხმარებით ამ ქალბატონს, მათგან განსხვავებით ვინც მხოლოდ საარჩევნო დაპირებებს ისროდა! ჩვენ ერთად უნდა გადავარჩინოთ ის!
თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ ქავთარაძე)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც:
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)