გილოცავთ დაბადების დღეს ჩვენო ძვირფასებო - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გილოცავთ დაბადების დღეს ჩვენო ძვირფასებო image

გილოცავთ დაბადების დღეს ჩვენო ძვირფასებო

წლის წინ
სიახლეები
უკვე რამდენიმე წელია, რაც ჩვენს ძვირფას ბენეფიციარებს ტრადიციულად ვულოცავთ დაბადების დღეს. ძალიან გვიხარია, როდესაც ვხედავთ ღიმილს და სიხარულს მათ ბედნიერ სახეებზე! ამ პატარა დღესასწაულების მოწყობით ჩვენ ამ ადამიანებს ვუსახავთ მომავლის იმედს და ვაგრძნობინებთ, რომ ისინი მარტონი არ არიან და მათზე სიყვარულით ზრუნავენ! 
   ისე მოხდა, რომ ჩერნოვეცკის ფონდი ამ ხანდაზმულ  ადამიანთათვის ერთადერთ დასაყრდენ ძალას წარმოადგენს, რამეთუ ჩვენი „შინ მოვლის“ პროგრამა არის იმედის ის დიდი ნაპერწკალი, რომელიც ათბობს გულსა და სულს. ფონდის  ექიმები და ექთნები უზარმაზარი პასუხისმგებლობით ეკიდებიან მარტოხელა ხანდაზმულთა მკურნალობისა და მოვლის საქმეს, ყოველთვის არიან მზად ანუგეშონ ისინი, აჩუქონ მათ ადამიანური სითბო, ზრუნვა და სიყვარული, რასაც ისინი მოკლებულნი არიან  ახლობელი ადამიანების მხრიდან... 
ახალგაზრდობაში ისინი ხალხმრავალ წვეულებებს აწყობდნენ, ეპატიჟებოდნენ მეგობრებს, თანამშრომლებს, შორეულ ნათესავებსაც კი... თუმცა ასაკის მატებასთან ერთად,  ეს ხალხი ნელ-ნელა სადღაც გაიფანტა, გაწყდა ჯაჭვი, რომელიც მათ აერთიანებდათ... 
დღეს ეს ადამიანები მარტოსულნი არიან, ბევრმა მათგანმა ცხოვრებაში უმძიმესი წლები გამოიარა, არაერთი ტრაგედია გადაიტანა, მაგრამ სულით არ დაეცა! 
ჩვენი “შინ მოვლის“ პროგრამის აღრიცხვაზე ამჟამად 500 ბენეფიციარი იმყოფება. ყოველდღიურად ვეხმარებით მათ და ვცდილობთ გავუხანგრძლივოთ და გავუფერადოთ  დარჩენილი წლები.
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი, რომ საჩუქარი გაუკეთოთ ჩვენს ბენეფიციარებს დაბადების დღესთან დაკავშირებით, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შინ მოვლა) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).     
     გადადით ჩვენი ფონდის საიტზე და წაიკითხეთ ადამიანური ისტორიები ჩვენი ბენეფიციარების შესახებ,  იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც უკვე არც კი ახსოვთ თუ როდის მიულოცეს უკანასკნელად დაბადების დღე. 

ლილი ჭეიშვილი, 76 წლის, 19 თებერვალი.
ლილი უსინათლოა. მან არ იცის როგორ გამოიყურება ცა, მზე, ხეები, მთები...მიუხედავად მხედველობის არქონისა, ეს ქალი სულით არ დაეცა და მთელი ცხოვრება აქტიურ შრომაში გაატარა. მან დაამთავრა სკოლა, უცხო ენათა ინსტიტუტი, 40 წელი იმუშავა ტიპოგრაფიაში, სადაც ამზადებდა გამოსაცემად წიგნებს მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისთვის.  დღეს იგი მარტო ცხოვრობს და ძალიან განიცდის ამ მდგომარეობას. 

მარიამ კუდაშევა, 78 წლის, 2 თებერვალი. 
 ყოველთვის  ძალიან რთულია საყვარელი ადამიანის დაკარგვა, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში. მარიამი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მარტო ცხოვრობს. ერთ დროს ლამაზი და სიცოცხლით აღსავსე ქალი რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდა, გათხოვდა ქართველ მამაკაცზე, ცხოვრობდნენ ბედნიერად, სიტკბოსა და სიყვარულში, თუმცა შვილი არ ეყოლათ. დღეს, ეს ხანდაზმული ქალი სრულიად მარტოა. ჩვენ ვცდილობთ შევუმსუბუქოთ მას სულიერი ტკივილი და გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე. მარტოობას მარიამს უქარწყლებს საყვარელი ფისო, რომელსაც იგი ჩუქნის სითბოსა და სიყვარულს... 

ქეთო ჯიოევა, 34 წლის, 19 თებერვალი.                             
   ქეთო ახალგაზრდა ქალია, რომელმაც ინფექციური დაავადება გადაიტანა და მას შემდეგ მხოლოდ ეტლით გადაადგილდება. როდესაც მისმა მეუღლემ შეიტყო, რომ ქეთო ვერ გაილიდა დამოუკიდებლად, უღალატა და ორ პატარა ქალიშვილთან ერთად მიატოვა. დღეს სწორედ რომ ეს გოგოები წარმოადგენენ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლის სტიმულს. ეს ბავშვები უვლიან დედას და ცდილობენ შეუმსუბუქონ მას სულიერი და ფიზიკური ტკივილი. ქეთო ოცნებობს, რომ რაიმე სამსახური იშოვოს და საქმე სახლში აკეთოს, თუმცა ეს არც თუ ისე იოლია...

თინათინ მაისურაძე, 89 წლის, 28 თებერვალი.                   
 თინათინი შვილთან ერთად ცხოვრობს საერთო საცხოვრებლის ერთ პატარა ოთახში. არასდროს უმუშავია, რადგან მეუღლე შეძლებული ადამიანი ჰყავდა და არ ჰქონდა მუშაობის არანაირი საჭიროება. მისი გარდაცვალების შემდეგ შვილმა გადაწყვიტა ბიზნესით დაკავებულიყო და თანხის დაბანდების მიზნით ბინა გაყიდა. სამწუხაროდ, იგი კომპანიონმა მოატყუა და საბოლოოდ დედა და შვილი ერთ ციცქნა ოთახში აღმოჩნდნენ. მათ შემოსავალს წარმოადგენს დედის პენსია და სოციალური შემწეობა. ამ ხანდაზმულ ქალს უამრავი დაავადება აწუხებს, ხშირად სტკივა გული, კუჭი, სახსრები. 

კლარა გოგლიძე, 83 წლის, 21 თებერვალი.                       
კლარა უბედური ბედის ქალია. მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა, მუშაობდა საფეიქრო ფაბრიკაში, ცდილობდა და ახერხებდა კიდევაც, რომ  შვილებს არაფერი მოჰკლებოდათ...მაგრამ გავიდა დროს, უფროსმა ვაჟმა ცოლი მოიყვანა და დედა და საკუთარი და სახლიდან გააგდო. 
დღეს კლარა და მისი ქალიშვილი ბინას ქირაობენ. გადატანილი სტრესის შედეგად ამ ხანდაზმულ ქალს გაურთულდა  გულისა და სახსრების დაავადებები და საწოლს არის მიჯაჭვული. 

ლენა მუმლაძე, 77  წლის, 14 თებერვალი.

ლენა ბებო უმძიმეს პირობებში ცხოვრობს ქალიშვილთან ერთად - ერთ ვიწრო ოთახში. რამდენიმე წლის წინ მას შვილი მოუკლეს. გადატანილი სტრესის ფონზე უამრავმა დაავადებამ იჩინა თავი, მათ შორის გულის უკმარისობამ. ამ ხანდაზმულ ქალს ხშირად უხდება დახმარების გამოძახება. მის სახლში ისეთი სიღარიბეა, რომ გული მოგიკვდებათ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლენა მუმლაძეს დიდი ჯაფა დაადგა, რომ სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი მიეღო. 

სოფიო ლაზარიშვილი, 26 წლის, 19 თებერვალი. 
სოფიო დაბადებიდან მძიმე პათოლოგიური სენით არის დაავადებული. მას დედა და ბებია ზრუნავენ... ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, მათ ძალიან უჭირთ. თავად ავადმყოფი არის არაადექვატური, დაკარგული აქვს დროის და სივრცის შეგრძნება, ხშირად ემართება კრუნჩხვები. დედა და ბებია ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ საყვარელი ადამიანისთვის, თუმცა უკიდურესი სიდუხჭირე არ აძლევს მათ ამის საშუალებას. 

ლელა ღარიბაშვილი, 51 წლის, 19 თებერვალი. 
ლელა ბავშვობიდან ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. იგი არაადექვატურია, ოთახში დიდი გაჭირვებით გადაადგილდება, ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში ოჯახთან ერთად. მისი ძმა შიზოფრენიით არის დაავადებული და ხშირად აგრესიას იჩენს. ოჯახი სოციალურად დაუცველთა სასადილოში იკვებება. მათთვის ყოველი დღე ტკივილით არის აღსავსე, რამეთუ გათენებას ისინი ხვდებიან შიშით და მძიმე ფიქრებით დამძიმებულნი. 

გიორგი ქურთაული, 57 წლის, 17 თებერვალი. 
გიორგი მარტოხელა ადამიანია. ყმაწვილკაცობიდან მშენებლობაზე შრომობდა მუშად. მძიმე სამუშაო ჰქონდა და გულმა ვერ გაუძლო, მას სხვდასხვა სახის გულსისხლძარღვთა დაავადება აწუხებს. გადატანილი ინფარქტის შემდეგ ექიმებმა მუშაობა აუკრძალეს  და იძულებულია მთელი დღეები სახლში გაატაროს.  მისი სოციალური შემწეობის თანხა 60 ლარს შეადგენს. დიახ, 60 ლარზე უნდა იცხოვროს ამ ადამიანმა და  შესძლოს, რომ ეს თანხა იმყოფინოს  წამლებზე, საკებზე და კომუნალურ გადასახადებზე. 

ლუბა პოპენკო, 97 წლის, 4 თებერვალი.                 
ლუბა ბებო მარტოხელა პენსიონერია, იგი საწოლს არის მიჯაჭვული. ახალგაზრდობაში ფეიქრად მუშაობდა, აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა და გარშემომყოფთა პატივისცემით სარგებლობდა.  დღეს იგი მთელი დღეები საწოლში ატარებს და ტირის ცხოვრების იმ ბოლო წლების  გამო, რაც მას ბედმა არგუნა. ეს ხანდაზმული ადამიანი მთლიანად ჩვენი ფონდის იმედზეა. მას არ შეუძლია გადაადგილება, რამეთუ სახსრების საშინელი ტკივილი არ აძლევს ამის საშუალებას.  გარდა ამისა, ლუბა ბებოს აწუხებს გულის დაავადება. მისი ერთადერთი შვილი უცხოეთში წავიდა 1995 წელს და მას შემდეგ არ გამოჩენილა. თვეში ერთხელ ან ორჯერ მას ახლობელი ქალბატონები სტუმრობენ, თუმცა ისინიც ხანდაზმულნი არიან და ვერაფრით ეხმარებიან ნათესავს. 

რიმა პოღოსიანი, 80 წლის, 13 თებერვალი.             
რიმა პროფესიით პედაგოგია, მთელი ცხოვრება სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. იგი კლასის ხელმძღვანელი იყო და ძლიან უყვარდა მისი აღსაზრდელები. პრაქტიკულად ყველა მათგანის სახელი და გვარი ახსოვს დღემდე, თუმცა მოსწავლეებმა იგი დაივიწყეს.  ამჟამად ეს ხანდაზმული ქალბატონი ცხოვრობს თავის დასთან ერთად, რომელიც ასევე ჩვენი ფონდის ბენეფიციარია. დები ერთმანეთს მხარში უდგანან. რიმას ინსულტი  აქვს გადატანილი, მას სხვადასხვა სახის დაავადება აწუხებს, მათ შორის გულის და ფარისებრი ჯირკვლის. 

ლიდია ხუციშვილი, 93 წელი, 27 თებერვალი. 
ეს უმწეო ხანდაზმული ქალი ყოველ დღე შესთხოვს უფალს უფალს, რომ არცერთი დედა არ აღმოჩნდეს მის ადგილზე... მცირე დროის განმავლობაში მან ორი ვაჟიშვილი დაასაფლავა. ლიდია სტენოგრაფისტად მუშაობდა, მაგრამ შვილების ავადმყოფობის გამო იძულებული შეიქნა სამსახურისთვის თავი დაენებებინა. უვლიდა მათ, რაც შეეძლო ყველაფერს უკეთებდა, თუმცა სტრესის ფონზე თავად დაავადდა გულის სხვადასხვა დაავადებით, მათ შორის გული უკმარისობით.  მას შემდეგ რაც დაეცა და ბარძაყის ძვალი მოიტეხა, ჩაწვა ლოგინში  და ვერ დგება...თუმცა ვერანაირი ფიზიკური ტკივილი ვერ შეედრება შვილების დაკარგვით გამოწვეულ სიმწარეს! ჰყავს მას კიდევ ერთი შვილი, მაგრამ იგი ოჯახთან ერთად სხვაგან ცხოვრობს და დედას იშვიათად თუ აკითხავს. 

ელენე საზანდაროვა, 82 წლის, 15 თებერვალი.
      მთელი ცხოვრება ელენემ შრომაში გაატარა, თუმცა საკუთარი ოჯახის შექმნა ვერ მოახერხა. დღეს იგი სრულ მარტოობაში ცხოვრობს და ძლიერ განიცდის ამ ფაქტს. ერთ დროს მხიარული და ხელგაშლილი ადამიანი დღეს ლამის სასოწარკვეთას არის მიცემული, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც დაეცა და ბარძაყის ძვალი მოიტეხა. იგი მთლიანად ჩვენს ფონდზეა დამოკიდებული. პრაქტიკულად ყოველდღე ჩვენი თანამშრომლები მას უკეთებენ გადახვევებს, ეხმარებიან საჭმლის მომზადებაში და სახლის დალაგებაში. ეს ქალი გამწარებულია ცხოვრებისგან და ხშირად თავის უკმაყოფილებას  ხმამაღლა გამოხატავს. 

ზურაბ გველესიანი, 24 წლის, 19 თებერვალი. 
      ზურაბმა მშობიარობისას ცერებრალური დამბლა გადაიტანა. მას სმენა აქვს დაკარგული და არაადექვატურია. დიდი გაჭირვებით გადაადგილდება ოთახში. ცხოვრობს ხუთსულიან ოჯახთან ერთად, რომელიც ძალზე შეჭირვებულია. ზურაბს დედასთან ერთად ძალიან უყვარს სპეციალურ სასწავლებელ „იაში“ სიარული, სადაც მას ასწავლიან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებს და ხელს უწყობენ გარესამყაროსთან მის ადაპტაციას. მშობლები დარწმუნებულნი არიან, რომ მშობიარობის პროცესში სწორედ ექიმების დაუდევრობამ გააუბედურა მათი შვილი. 

ზოია ლობჟანიძე, 84 წლის, 26 თებერვალი. 
   ზოია ბებო უკიდურესად საჭიროებს თქვენს დახმარებას. იგი ერთ ციცქნა ოთახში ცხოვრობს ნათესავ ქალთან და ქალიშვილთან ერთად, რომლებიც მას უვლიან. ეს ხანდაზმული ქალი საწოლს არის მიჯაჭვული, არ გააჩნია დროის და სივრცის შეგრძნება, აწუხებს სხვდასხვა დაავადება: ნაწოლები, გულის უკმარისობა, ალცჰეიმერის დაავადება, ამნეზია...მას არაფერი ახსოვს და მთლიანად სხვაზეა დამოკიდებული. 

ციალა ბასილიძე, 84 წლის, 3 თებერვალი. 
    მთელი ცხოვრება ციალა ავადმყოფ ქალიშვილს უვლიდა. მთელი ცხოვრება იგი მის გვერდით იყო... დღეს კი მას თავად სჭირდება დახმარება. მას აწუხებს თავის ტკივილები,  ჰიპერტონია, გულის უკმარისობა, ქვედა კიდურების ვარიკოზული დაავადება, ხშირად კარგავს წონასწორობას. დღითიდღე მას სულ უფრო და უფრო უჭირს ავადმყოფი შვილის მოვლა. ციალას კიდევ ჰყავს 2 ქალიშვილი, რომლებიც ცალკე ცხოვრობენ, თუმცა დედას და დას ხშირად აკითხავენ და უვლიან. რამდენიმე წლის წინ მას შვილიშვილი გარდაეცვალა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მისი სულიერი მდგომარეობა. 

მანანა დარჯანია, 60 წლის, 27 თებერვალი. 
მანანა აფხაზეთიდან დევნილია. დევნილობის უმძიმესი წლების გადატანა მოუხდა, თუმცა გაუძლო და ცხოვრება თითქოს ააწყო, მაგრამ განგება მას მწარე ხვედრს უმზადებდა. რამდენიმე  წლის წინ მას შვილი გარდაეცვალა... ნერვიულობის ნიადაგზე მანანას დიაბეტი დაემართა, მას ფეხი მოკვეთეს. სამწუხაროდ, მისი მეუღლეც იგივე სენით დაავადდა და მასაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მიუხედავათ იმისა, რომ მათ ძალიან უჭირთ სიარული, მაინც დადიან შვილის საფლავზე და ეს მათთვის დიდი შვებაა. 

რედიკო ფიროსმანიშვილი, 79 წლის, 2 თებერვალი. 
რედიკო გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს ფსიქიკურად დაავადებულ შვილთან.  ამ უმწეო ადამიანებს მხოლოდ ჩვენი ფონდი ეხმარება. ისინი სიდუხჭირეში ცხოვრებენ არაადამიანურ პირობებში. სახსრების ტკივილების გამო რედიკოს გადაადგილება  უჭირს, თუმცა მაინც არ იშურებს ძალ-ღონეს, რომ სნეულ შვილს მოუაროს. როგორიც არ უნდა იყოს შვილი, დედისთვის ის ხომ ყველაზე საყვარელი არსებაა ამ ქვეყნად!   

ჯემალ ფიროსმანიშვილი, 51 წლის, 10 თებერვალი. 
ჯემალი 51 წლისაა.  უკვე მრავალი წელია, რაც მას შიზოფრენია  სჭირს.  მას ხანდაზმული დედა უვლის, რომელსაც უკვე არ ჰყოფნის ძალა, რომ გაუმკლავდეს შვილის ავადმყოფობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაავადების გამწვავების პერიოდი აქვს და აგრესიული ხდება. ჯემალს ხშირად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აწვენენ. დედა-შვილი მხოლოდ  ჩვენი ფონდის და კეთილი მეზობლების იმედზე არიან. 

ნიკოლოზ ხარაიშვილი, 12 წლის, 4 თებერვალი
ნიკოლოზი 12 წლისაა. მას საკუთარმა მამამ უღალატა, ადამიანმა, რომელსაც თავის თავზე უნდა აეღო შვილის მოვლა-პატრონობა...მან კი- მიატოვა.  დღეს ნიკოლოზის ერთადერთ დასაყრდენ ძალას დედა წარმოადგენს, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს შვილისთვის, ყოველნაირად ცდილობს შეუმსუბუქოს მას მძიმე ხვედრი. ნიკოლოზმა ბავშვობაში ცერებრალური დამბლა გადაიტანა... დედა-შვილს მხოლოდ ჩვენი ფონდი ეხმარება,  მაგალითად მედიკამენტებით. ამას წინათ კი მათთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკა შევიძინეთ! 

ლავრენტი ნამორაძე, 53 წლის, 23 თებერვალი 
 იგი მხოლოდ 53 წლისაა, თუმცა გამოიყურება როგორც მოხუცი. ლავრენტის თავის პრობლემები აწუხებს, იგი არაა ადექვატური. დედის თქმით, ბავშვობაში ნორმალური აღნაგობის იყო. მიუხედავად იმისა, რომ უჭირდა საუბარი, ბავშვებთან თამაშობდა და  ბევრს კითხულობდა. ლავრენტის მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ შვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, ზედმიწევნით ასრულებდნენ ექიმების დანიშნულებებს, თუმცა დაავადება დღითიდღე მწვავდებოდა. ამჟამად ლავრენტი საწოლს არის მიჯაჭვული, ვერ ხედავს და ვერ ლაპარაკობს, სასტიკად აწუხებს ნაწოლები. დედა უკვე პენსიონერია და ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო და უფრო უჭირს შვილის მოვლა. ჩვენი ფონდის ექთანი ყოველდღე აკითხავს მას და ჰიგიენურ პროცედურებს უტარებს.
ევგენია შლიმონოვა, 69 წლის, 23 თებერვალი 
     ევგენია შვილთან ერთად სარდაფში ცხოვრობს. მათი საყოფაცხოვრებო პირობები გაუსაძლისია. ამ ხანდაზმულმა ქალმა ინსულტი გადაიტანა და საწოლს არის მიჯაჭვული. რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცოტათი გაუმჯობესდა. მას ახლა შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილდეს ოთახში. თუმცა დიდი გაჭირვებით. მიუხედავად  ტკივილებისა, იგი ცდილობს არ შეიმჩნიოს და ჩუმად იტანს, რადგან ფიქრობს, რომ ამით უმსუბუქებს მის შვილს ცხოვრებას, რომელიც ძალ-ონეს არ იშურებს დედის მოსავლელად. ეს ოჯახი მძიმე მდგომარეობაშია და კეთილი ადამიანების დახმარების იმედად არის! 

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: