ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ყოველთვის ისეთები არ ვიქნებით, როგორებიც ახლა ვართ!

ფონდი „სოცილური პარტნიორობა“ იწყებს აქციას ქალბატონ ნორა აბუთიძის დასახმარებლად.
შეგროვებულია
1,703 ₾
დასრულებულია

სანამ ჩვენ ახალგაზრდები, ენერგიულები და ჯანმრთელები ვართ და ჩვენ თავზე ზრუნვა შეგვიძლია, არ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორები შეიძლება გავხდეთ ხვალ. რატომღაც ვთვლით, რომ სულ ასეთები - დამოუკიდებლები, ჯან-ღონით სავსენი და წარმატებულები ვიქნებით.

დააკვირდით ამ ფოტოებს. აქ თქვენ ნახავთ ნახევრად ჩამონგრეულ სახლს, ძველ სავარძელს, და მოხუც ქალბატონს, რომელიც თხელი, გაცრეცილი საბნის ქვეშ წევს - ეს 84 წლის ნორა აბუთიძეა. იგი პარლიზებულია, საწოლსაა მიჯაწვული და რამოდენიმე წელია, რაც უსინათლოა.

ნორა ძალიან ცოტას საუბრობს და მთელ თავის დარდს გულში ინახავს. იხსენებს მხოლოდ ბედნიერ წარსულს, ყველაფერს კარგს, რაც ცხოვებაში ჰქონია. ოდესღაც ახალგაზრდა და ლამაზი იყო, მის სათხოვნელად, მომავალი მეუღლე, სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა. შექმნეს ოჯახი, ვაჟი შეეძინათ. მათ სახლში, თბილისში ნაძალადევის რაიონში, ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. ნორა ძალიან კარგი დიასახლისი იყო, გემრიელად ამზადებდა და სტუმრების მიღებაც ძალიან უყვარდა... მაგრამ ეს წარსულს ჩაბარდა. გარდაიცვალა მისი მეუღლე, მათი სახლიც დაცარიელდა, ნორამ ინსულტი გადაიტანა - რამაც საწოლს მიაჯაჭვა, შემდეგ მხედველობა დაკარგა.

თუ თქვენ კეთილი ადამიანი ბრძანდებით და სხვისი გასაჭირის გაზიარება შეგიძლიათ, ალბათ მიხვდებით, როგორ გამოუვალ მდგომარეობაში უწევს ცხოვრება ქალბატონ ნორას. იგი ძირითადად წევს, ვერაფერს ხედავს, საბნის გასწორებაც კი - მისთვის დიდი პრობლემაა!

ნორა კიდევ იმაზე განიცდის, რომ ერთ დროს სტუმართმოყვარე ოჯახს არავინ სტუმრობს, ერთადერთი სტუმრები საქველმოქმედო ფონდის თანამშრომლები არიან, რომლებიც უსინათლო ქალბატონს პირადი ჰიგიენის მოწესრიგებაში ეხმარებიან, მოაქვთ მისთვის პროდუქტები და მედიკამენტები. „სოციალური პარტნიორობის“ ექთნები ქალბატონი ნორასთვის ძალიან ახლობლები გახდნენ. ისინი ცდილობენ მოხუცს ცხოვრება გაუხალისონ, სანამ უტარებენ საჭირო პროცედურებს, ესაუბრებიან, უყვებიან ქალაქის სიახლეებს და ასევე ნორას განვლილი ბედნიერი ცხოვრების ამბებს გახსენებას სთხოვენ.

დიახ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ ამ ქალბატონს თქვენი თანადგომაც სჭირდება. მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ მისი მძიმე ცხოვრება შევამსუბუქოთ. მართალია, მხედველობას ჩვენ მას ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ ჩვენს ყურადღებას, ადამიანობას და სიკეთეს ქალბატონი ნორა თავისი გულით დაინახავს!

თუ გაქვთ საშუალება ამ მოხუც ქალბატონს დაეხმაროთ, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: ნორა აბუთიძე) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/115/. ასევე თუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათ ესტუმროთ ქალბატონ ნორას და პირადად დაეხმაროთ პროდუქტებით, მედიკამენტებით და თბილი ტანსაცმლით. მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას მოგაწვდით ყველა დაინტერესებულ პირს).

მოდით ვიზრუნოთ მოხუცებზე, მივცეთ ჩვენს ბავშვებს მაგალითი და ჩვენი სიბერეც უფრო ბედნიერი იქნება!


©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები


თეგები:
#მოხუცები

მსგავსი პროექტები: