სასჯელის უმაღლესი ზომა მაქვს მისჯილი! გაუსაძლისი ტკივილი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

სასჯელის უმაღლესი ზომა მაქვს მისჯილი! გაუსაძლისი ტკივილი!

page info icon
2022 ოქტომბერი 6
page info icon
1163
„ჩემნაირი მარტოხელა ადამიანებისთვის საშინელი განაჩენი გამოაქვთ სწორედ იმ ხელმძღვანელებს, ვინც ვალდებულია იზრუნოს შეჭირვებულ ადამიანებზე! მე ხომ საქართველოს მოქალაქე ვარ და ვამაყობ ამით! მაგრამ ღმერთო ჩემო, როგორ მტკივა! ჩემი აზრით, ადამიანებთან ასე მოპყრობა არ შეიძლება!..
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,567.22 ₾
( 105 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
სასჯელის უმაღლესი ზომა მაქვს მისჯილი! გაუსაძლისი ტკივილი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ჩემნაირი მარტოხელა ადამიანებისთვის საშინელი განაჩენი გამოაქვთ სწორედ იმ ხელმძღვანელებს, ვინც ვალდებულია იზრუნოს შეჭირვებულ ადამიანებზე! მე ხომ საქართველოს მოქალაქე ვარ და ვამაყობ ამით! მაგრამ ღმერთო ჩემო, როგორ მტკივა! ჩემი აზრით, ადამიანებთან ასე მოპყრობა არ შეიძლება!..
         რამდენჯერ მინატრია სიკვდილი, რამდენჯერ მიფიქრია, ნუთუ ჯოჯოხეთში უარეს ტანჯვას გადიან? ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს?! თითქოს ალმოდებული ვარ,  მღრღნის და ცოცხლად მჭამს ეს საძაგელი სენი. ტკივილისგან თმაც კი დამიგლეჯია,  კედელზეც მიხეთქებია თავი...   ფეხები აღარ მაქვს! აბა, ეს ფეხებია?! ამ საშინელ ტკივილს, შიმშილიც რომ ემატება და მარტოობაც?! რომ ვკვდებოდე, წყალს არავინ მომაწვდის, სასწრაფოშიც კი არავინ დარეკავს. ალბათ, მერამდენეღაცა დღეს იპოვნიან ჩემს ნატანჯ სხეულს...“ - ტირილით გვეუბნება „გორიალაზე“ დამხობილი მარიამი, რომელმაც რის ვაივაგლახით გაგვიღო კარი და სახლში ცრემლიანმა, მაგრამ ჩვენი დანახვით გახარებულმა გულთბილად შეგვიპატიჟა.
„ასე დავღოღავ, ხელებში ძალა აღარ მაქვს, ვეღარ ვეყრდნობი... ჩემი ხელები საიმედო აღარაა...“
     მარიამ საძაგლიშვილი 60 წლისაა. იგი პირველი ჯგუფის ინვალიდია.  20 წელია, მძიმე დაავადებებით იტანჯება. ვერ გადაადგილდება დამხმარე საშუალებების გარეშე. თუმცა, მათი გამოყენებაც უჭირს, რადგან სულ მარტოა. ხელი რომ შეაშველოს, წამალი რომ მიაწოდოს, წყალი რომ დაალევინოს - არავინ ჰყავს! მარტოობა და უსახსრობა კიდევ უფრო ამძიმებს მის ტანჯვას.
„სრულიად მარტო ვარ, წყლის მომწოდებელიც კი არ მყავს...“
        - მარიამ, რა არის თქვენი დიაგნოზი? როგორ დაიწყო და ვითარდებოდა დაავადებები?
        მარიამი: სამი დაავადება ერთდროულად ცდილობს ჩემს განადგურებას. თუმცა, უკვე განადგურებული ვარ. ამაზე მეტი, ალბათ, სიკვდილია...  ჩემი დაავადებებია: პოლინევრიტი, ოსტეოპოროზი, კოკსართროზი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წლების მანძილზე ამდენი წამლებისა და ჰორმონების მიღების შედეგად, კუჭი სულ გამინადგურდა. მაქვს კუჭის წყლული და ეროზია თორმეტგოჯაზე. მაგრამ წამლების გარეშე, ვერ გავუძლებ ჯოჯოხეთურ ტკივილებს, წამლები აუცილებელია. ახლა, მათი შეძენის საშუალება არ მაქვს და ხედავთ, როგორ ვიტანჯები. მხოლოდ ჰორმონების შეძენას თუ ვახერხებ, ჩემი პენსიით. მერე მშიერი ვრჩები. თქვენ რომ იცოდეთ, რამდენჯერ ვერ დამიძინია შიმშილის გამო... (ტირის.) 
„რომ ვიყვირო, საშველად არავინ მოვა...“
        როგორ მრცხვენია, ვინმეს რაიმე ვთხოვო. აქ, მეზობლებსაც კი არ ვიცნობ, ისეთი გამოკეტილები არიან, არავისთან კონტაქტობენ... ჩემნაირი ავადმყოფი და უსარგებლო კი, ვის რად უნდა?! შეიძლება წამოვწვე? ასე რომ ვზივარ, ძალიან მტკივა...
         - რა თქმა უნდა... დაგეხმარებით. თუ გნებავთ, შევისვენოთ.
„ორთოპედიული მატრასი არ მაქვს. ამაზე კი, ჩემი წოლა არაფრით არ შეიძლება. ძალიან მიჭირს...“
        მარიამი: არა, არა... საუბარი შემიძლია. ადამიანის მოსმენა მენატრება. მე ხომ, სულ მარტო ვარ. მამა დიდი ხნის წინ დავკარგე, დედა ოთხი წლის წინ გარდამეცვალა, და-ძმა არ მყავს. არასდროს ვყოფილვარ გათხოვილი. შვილი მე არ მყავს და პატრონი... მარტო კედლებთან ვსაუბრობ. ესენი არიან ჩემი გმინვის და ტირილის მაყურებლები. 
        - როგორ, საერთოდ არავინ მოდის თქვენს სანახავად? არც ნათესავი, არც მეგობარი..
        მარიამი: ა-პა-პა-პა, დაივიწყეთ... ნათესავებმა დიდი ხანია უსარგებლო ნივთივით მომისროლეს. მეგობრებიც ნელ-ნელა შემომეცალნენ. 
„ასეთი აღარავის ვჭირდები...“
        მამაო მოდის ხოლმე ჩემთან. მამა გოჩა. მხოლოდ ის არის  ჩემი იმედი და ნუგეში. აღსარებას ვაბარებ. მაგრამ ერთხელ, გამიბრაზდა სუიციდური აზრების გამო.
        - თვითმკვლელობაზე ფიქრობდით?
        მარიამი: მოდი და ნუ იფიქრებ... ტკივილი, მარტოობა... ამ საკანში სული მეხუთება. რამდენი ხანია მიწაზე ფეხი არ დამიდგამს. შევცოდე, მაგრამ ეს ფიქრები თავისთავად მოდის... ადრე წიგნებს ვკითხულობდი, რომ გული გადამეყოლებინა, მაგრამ ახლა, აღარც მხედველობა მივარგა და ესეც რომ არ იყოს, ტკივილი რას დამაცდის? კითხვას? 
„ბევრჯერ, სიკვდილი მინატრია ტკივილის გამო!“
         ორჯერ ვიყავი პარალიზებული. პირველად მაშინ, როდესაც      ჯერ კიდევ ახალი დაწყებული მქონდა პოლინევრიტი. მეორედ კი, 8 წლის წინ. სწორედ, ეს რვა წელია, რაც საერთოდ ვეღარ დავდივარ.
    - სულ რამდენი წელია, რაც ეს დაავადებები გაქვთ?
         მარიამი: ოცი წელია. 40 წლის ჯან-ღონით სავსე არქიტექტორი ქალი ვიყავი - აქტიური, ენერგიული, სიცოცხლე მიყვარდა. ვმუშაობდი, წარმატებულიც ვიყავი, მეგობარიც ბევრი მყავდა. ზამთარი იყო. კიდურებში ვიგრძენი ძალის შესუსტება, მერე გაბუჟება, რომელმაც არ გამიარა. ინფექციურში წამიყვანეს. როგორ მახსოვს, დეისაძე იყო მაშინ ექიმი. დამიდგინდა პოლინევრიტი. თითქოს, შევებრძოლე დაავადებას, არ ვნებდებოდი. მაგრამ ორი წლის შემდეგ, პარალიჩი დამემართა. დროთა განმავლობაში, მაინც წამოვდექი. მუშაობით, რა საკვირველია, ვეღარ ვმუშაობდი. ვეღარც აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, მაგრამ ასე დავრდომილი არ ვიყავი. 
„ცრემლის გარეშე, ვერ ვუყურებ ჩემი ახალგაზრდობის ფოტოებს...“
         წლების განმავლობაში დედა მივლიდა. იცით, რა კარგი დედა მყავდა? მენატრება ჩემი ლამაზი დედა. მერე დედა დაბერდა, ავად გახდა. ალცჰეიმერის დაავადება დაემართა და ახლა, ის გახდა ჩემი მოსავლელი. წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავვარდით? დავხოხავდი, დავფორთხავდი და ისე ვუვლიდი ჩემს საყვარელ დედას. ჩემი მდგომარეობაც უფრო და უფრო მძიმდებოდა. კოკსართროზი და ოსტეოპოროზიც „შევიძინე“, თითქოს მაკლდა პრობლემები. 
„დედა მყავდა ერთადერთი გულშემატკივარი და ისიც წავიდა! გული მეწვის“
         - არც მაშინ გეხმარებოდნენ ნათესავები?
         მარიამი: თქვენ გქონდათ „შინ მოვლის“ პროგრამა. ჩვენ ვიყავით თქვენი ბენეფიციარები. მოდიოდნენ თქვენი წარმომადგენლები და უვლიდნენ დედას, ერთი ნაწოლიც არ გასჩენია. როგორ მახსოვს თქვენი სიკეთე. ეს „გორიალაც“ თქვენი ფონდის ნაჩუქარია. ოთხი წლის წინ, დედა გარდაიცვალა, 92 წლის ასაკში. ჩემი მდგომარეობაც უკვე სასტიკად დამძიმებული იყო. სულ მარტო დავრჩი. დედას სიცოცხლეში, მის პენსიას და სოციალურ დახმარებას ვიღებდით.  ეს რაღაცაში მაინც გვშველიდა. დედას სიკვდილის შემდეგ კი, შემწეობა მომიხსნეს. განა შეიძლება, ჩემნაირ გაჭირვებულ ადამიანს, რომელიც ფაქტობრივად სულ მშიერია, სოციალური დახმარება რომ მოუხსნა? 275 ლარს რომ მაძლევს სახელმწიფო  პენსიას, და აქედან, 65 ლარს ბანკი მიკავებს, 210 ლარი მრჩება. გეკითხებით, ასეთმა მძიმე ავადმყოფმა, რომელსაც დაბლა ჩასვლა და საკუთარი წამლების, პროდუქტის ყიდვა არ შეუძლია, ამ 210 ლარით როგორ უნდა გაიტანოს თავი? 
„ეს არის ჩემი „მარაგი“, ფაქტობრივად, შიმშილი მიწევს!“
       კიდევ კარგი, მამაო მყავს, უფალი გაახარებს.  მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მოძღვარია ჩემი მამა გოჩა. ძალიან ვებრალები. რითაც შეუძლია მეხმარება. თავადაც არ ულხინს ფინანსურად, მრავალშვილიანია. უამრავი საზრუნავი აქვს და ჩემთვისაც რომ გამოძებნის ხოლმე დროს, რამხელა მადლი და სიკეთეა! კიდევ „კარიტასის“ მედდა მოდის, სახლს მიწესრიგებს. არ შემიძლია უსუფთაოდ ცხოვრება. მადლობელი ვარ! მან დარეკა თქვენს ფონდში, მე ტელეფონის ნომერსაც ვერ გავიგებდი. არც ინტერნეტი მაქვს, ვერც გარეთ გავდივარ. რამე რომ მჭირდება, მამაოს ვთხოვ ხოლმე. ჩემს პენსიასაც ლელა (კარიტასის მედდა) ან მამაო იღებს, წამლები და საჭმელიც მათ მოაქვთ. 
         - ყოველდღე?
        მარიამი: არა, რას ამბობთ. ყოველდღე ვის დავავალდებულებ. კვირაში ერთხელ, და ამისთვისაც მადლობელი ვარ. კვირიდან კვირამდე არ მყოფნის ხოლმე საჭმელი და მშიერი ვიცდი... (ტირის.)
„იცით, რა ძნელია შიმშილის და ტკივილის ერთად თმენა...“
        - ბანკი რატომ გაჭრით თანხას?
        მარიამი: სესხის გამო, 1700 ლარი ავიღე, წამლებისთვის რომ დამჭირდა. აუცილებელი და გადაუდებელი იყო. ახლაც ასეა, მაგრამ ახლა აღარც ბანკი მომცემს სესხს და რომც მომცეს, როგორ გადავიხადო? კიდევ რამე რომ ჩამომეჭრას პენსიიდან, არსებობასაც ვეღარ შევძლებ, ამიტომ ახლავე მოვკვდე, ის სჯობს...
        - დამშვიდდით, მარიამ! ჩვენ სწორედ თქვენს დასახმარებლად მოვედით. იმისთვის ვართ თქვენთან, რომ თქვენი გაჭირვების შესახებ, ჩვენს ერთგულ მკითხველს მოვუთხროთ. კეთილი ადამიანები აუცილებლად გამოგვეხმაურებიან. გულთან ახლოს მიიტანენ თქვენს მდგომარეობას. იცით, რამდენი ადამიანი გადაარჩინეს და გამოიყვანეს უმწეო მდგომარეობიდან?
         მარიამი: მართლა? საკვებით და წამლებით მჭირდება დახმარება. კიდევ იქნებ ვინმეს ერთი ორთოპედიული მატრასი ჰქონდეს. ნორმალურად წოლა მაინც რომ შევძლო. ალბათ მალე, წოლის გარდა ვეღარაფერს შევძლებ! 
„ეს ეტლი მაჩუქეს, მაგრამ დახმარების გარეშე, გარეთ გასვლა  მაინც არ შემიძლია...“
        რომ იცოდეთ, რამხელა იმედი მომეცით. ყოველდღე ყველასთვის ვილოცებ. ახლაც, ყოველდღე ვლოცულობ. აღმსარებელიც ვარ. ბავშვობიდან ეკლესიურად ვცხოვრობდი. ალბათ, ამ რწმენამ მომიყვანა აქამდე. ჩემს თავს შევუძახებდი ხოლმე: „მარიამ, შენ არ უნდა დაეცე! მარიამ, შენ ეს უნდა შეძლო!“ უბრალოდ ახლა, როდესაც ასე ძალიან გამიჭირდა, როდესაც ტკივილები გაუსაძლისი გახდა, შემომიტევს ხოლმე სუიციდური აზრები. მერე, მამაო მეჩხუბება და ვინანიებ. უფალო, მომიტევე მე ცოდვილს!
„ყოველდღე ვლოცულობ და უფალს ყველა გაჭირვებულის მფარველობას ვთხოვ!“
       - მარიამ, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ რამით? 
      მარიამი: წელიწადში ერთხელ იყო „მოწყალებასავით“ 300 ლარი. რაც იყო, იყო! მადლობელი ვიყავი. ბოლო წელს კი, მხოლოდ 100 ლარი ჩამირიცხეს.  ძვირფასო მთავრობავ, ჩემი მდგომარეობა კი არ გაუმჯობესდა, უფრო დამძიმდა და მომატების მაგივრად, მიმცირებთ დახმარებას? ვის უნდა შევჩივლო, ისიც არ ვიცი. ხომ ხედავთ, ვერ დავდივარ. მე ვერსად მივალ, ვერაფერს ვითხოვ... საბუთების ასაღებადაც მამაოს ვაწუხებ. ისიც მაშინ, როდესაც გამოუვალი მდგომარეობაა. მას უამრავი სულიერი შვილი ჰყავს, ჩემსავით გაჭირვებული. ყველასთვის კი, ძნელია დროის გამონახვა, ხომ გესმით?
        - ზემოთ გულისტკივილით აღნიშნეთ, რომ მეზობლებსაც არ იცნობთ, დიდი ხანი არ არის, რაც აქ ცხოვრობთ? ეს ბინა თქვენ გეკუთვნით?
       მარიამი: ჩემი აქ გადმოსვლის ამბავი, კიდევ ცალკე ისტორიაა. გიამბოთ?
        - დიახ, რა თქმა უნდა, თუ შეძლებთ.
        მარიამი: დედა რომ გარდაიცვალა, სულ მარტო დავრჩი. ძალიან გამიჭირდა. დიდი ბინა მქონდა. გადავწყვიტე, ჩემთვის ყურადღება მოქცევა ახლობლისთვის რომ მეთხოვა. მე კი, საცხოვრებელს გავუნაწილებდი, ქირით ცხოვრობდა. არ ჰქონდა ბინა. მან კი შემომთავაზა, რომ ჩემი ბინა გაგვეყიდა, რადგან იქ, ოჯახთან ერთად ვერ მოთავსდებოდა. რაღაც დანაზოგი მაქვსო - მითხრა - დავამატებო და უკეთეს ბინას ვიყიდიო, უფრო მეტი ოთახებითო, შენ შენი ოთახი გექნებაო და ყველა მოვთავსდებითო. აქედან დაიწყო ჩემი ახალი უბედურება. ბინა გამაყიდინა. მოვიდა ბინის დაცლის დრო. ჩემი ახლობელი ახალი ბინის ყიდვას სულაც არ ჩქარობდა. ჩემი ბინის ახალი მეპატრონე ღვთისნიერი ადამიანი აღმოჩნდა, გაიგო რა ჩემი მდგომარეობა, აღარ მაჩქარებდა ბინის დაცლას. ან რა უნდა დამეცალა, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს?! ჩემი ახლობელი ქალბატონი კი, სულაც არ ფიქრობდა იმ პირობაზე, რაც  დავდეთ და ხელშეკრულებითაც კი გავამყარეთ. გადიოდა თვეები და ახალი ბინის ყიდვა კი არა, მოკითხვითაც აღარ მკითხულობდა. მერე, უკვე სასამართლოთი რომ დავემუქრე და ხელშეკრულების პირობები შევახსენე, აი, ეს 20 კვადრატული მეტრი ფართის ოთახი „მომიგდო“. ყველა ხარჯი გამოაკლო, ის კონტეინერებიც კი იანგარიშა, რომლითაც ოდესმე სადილი მოურთმევია ჩემთვის... მაინც მომატყუა. მე სასამართლოებში სირბილს ვერ შევძლებდი, ისედაც მომაკვდავი ვარ... ამიტომ მივიღე ეს „ასანთის კოლოფი“,  ქუჩაში დარჩენას მერჩივნა. არ ვიცი, რატომ იბადებიან ასეთი ადამიანები. მე ვენდე, კარგი მინდოდა მისთვის. მან კი, ასე გამიმეტა. ახლა, აღარც მომვლელი მყავს, აღარც გულშემატკივარი... ამ საკნის პატიმარი ვარ, ტკივილის უმაღლესი ზომით!
        - რაზე გწყდებათ გული ყველაზე მეტად, რას შეცვლიდით, დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ?
       მარიამი: ოჯახზე! ალბათ, ოჯახს შევქმნიდი. შვილი მეყოლებოდა. როგორ ვნანობ, რომ არ გავთხოვდი. ერთხელ მიყვარდა... მამამ არ დამრთო ნება, რომ გავყოლოდი. მაშინ სხვა დრო იყო. მამაჩემი ძალიან მკაცრი კაცი იყო. მეშინოდა მისი. მერე პრობლემებიც დაიწყო. 38 წლის ვიყავი, საშვილოსნოს ოპერაცია, რომ დამჭირდა. ყველაფერი ამომკვეთეს. ეს მანამდე იყო, სანამ პოლინევრიტი დამემართებოდა. ო-ო-ო, ცხოვრებაში რამდენი ტკივილი გადავიტანე...
„კუნთები ისე გამელია... 15  კილოგრამი მაქვს დაკლებული. მალე, ძვალი და ტყავი დავრჩები...“
        - მოდით, რამე ისტორია გაიხსენეთ, რაც არასდროს გავიწყდებათ... ოღონდ კარგი.
         მარიამი: ისევ სევდიანი მახსენდება, შეიძლება?
         - მიამბეთ.
         მარიამი: წლების წინ, ერთ-ერთი მეგობარი დახმარებას დამპირდა. მაშინ, ჯერ კიდევ ვიდექი ფეხზე. სახლში მივაკითხე, ის კი არ დამხვდა, უცხოეთში გაფრინდა. ახლა ვფიქრობ, სპეციალურად დამიბარა იმ დროს, როდესაც საქართველოში უკვე არ იქნებოდა. გამოვბრუნდი ატირებული. ის, ჩემი უკანასკნელი იმედი იყო. მეტროსადგურთან რომ მივედი, აღმოვაჩინე, რომ საფულე აღარ მქონდა. ეტყობა, გზაში ამომივარდა ან ამომაცალეს. დავდექი შესასვლელში და მხურვალე ცრემლები მომდიოდა. ვერავინ შემამჩნია. არავინ დამეხმარა. ვითხოვე, მაგრამ კონტროლიორმაც არ გამიშვა უბილეთოდ. ძალიან მეწყინა. აი, ასეთი უიღბლო ვიყავი თავიდანვე! მერე გამოვბრუნდი და სახლამდე ფეხით ძლივს მოვაღწიე - მარჯანიშვილიდან ვარკეთილამდე ფეხით ვიარე - ამ ფეხებით, რომლებიც მაშინაც საშინლად მტკიოდა. თუმცა, ნეტა ახლა შემეძლოს სიარული, დღეში ათჯერ გავივლიდი იგივე მანძილს...
„მე ხომ თავიდანვე უიღბლო ვიყავი...“
***
        მეგობრებო, მე მჯერა, რომ მარიამის ისტორიამ ყოველი თქვენგანი შეძრა. ის მართლა, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია! არ აქვს საკვები, არ აქვს წამლები. ტკივილები მატულობს, მდგომარეობა მძიმდება. თუ მას სასწრაფოდ არ დავეხმარებით, მერე შეიძლება გვიანი იყოს. ერთხელ, ის  მეტროსადგურის შესასვლელთან მტირალი ვერ შეამჩნიეს, გული ატკინეს. ნუ გავიმეორებთ იგივეს. მტკიცედ ჩავჭიდოთ ხელი იმ ხელზე, რომელიც, ვინ იცის, იქნებ უკანასკნელად გამოგვიწოდა...
          თუ რომელიმე თქვენგანი გადაწყვეტს, პირადად მოინახულოს მარიამ საძაგლიშვილი, გიზიარებთ მის მისამართს: თბილისი, ვაზისუბნის დასახლება, მესამე მიკრორაიონი, მეორე კვარტალი, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა 20. ბინა  911. 
         უფალი ფარავდეს და აძლიერებდეს გაჭირვებულის ყველა გულშემატკივარს და მეოხს!
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
         მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
          ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
         არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
          ჩვენი ფონდის ანგარიში:
          #GE15TB7194336080100003
          #GE42LB0115113036665000
          #GE64BG0000000470458000.
         (დანიშნულება: საძაგლიშვილების ოჯახი)
          თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
         ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
         შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
         სპეციალურ ნომერზე: 0901200270, თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
        დალოცვილები ყოფილიყავით!

აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები:

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help