მოხუცი და-ძმა შველას ითხოვს - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მოხუცი და-ძმა შველას ითხოვს

page info icon
2018 დეკემბერი 7
რამდენიმე წლის წინ ბატონ სულიკოს მეუღლე გარდაეცვალა, ხოლო ნერვიულობის ნიადაგზე მან მხედველობა დაკარგა...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,412 ₾
( 166 დონორი )
დასრულებულია
„ადრე მეგონა, რომ ვერაფერს ვასწრებ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, ხოლო როდესაც მარტოხელა და უძლური ხარ, მაშინ დრო უსასრულოდ იწელება. ამას შევეჩვიე უკვე... ვიცი, მუდმივი არაფერია, ამიტომ მინდა, რომ ცხოვრების ბოლო წლები ღირსეული ადამიანივით ვიცხოვრო და არა ქუჩის მაწანწალა ძაღლივით...“ - ეს სიტყვები 80 წლის სულიკო ნიქაბაძეს ეკუთვნის.   
იგი დაიბადა სოფელ ფარცხანაყანებში, წლების განმავლობაში ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი იყო,  22 წელი წყალტუბოს სპორტსკოლას ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი უშუალო მეცადინეობით აშენდა ქალაქის ცენტრალური სტადიონი, რომელიც ადგილობრივთა და დამსვენებელთა საყვარელი გასართობი ადგილი იყო დიდი ხნის მანძილზე. 
ბატონმა სულიკომ საინტერესო ცხოვრების გზა  განვლო, ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის, თუმცა  სიბერის ჟამს იგი ყველასაგან დავიწყებული აღმოჩნდა... 
რამდენიმე წლის წინ ბატონ სულიკოს მეუღლე გარდაეცვალა, ხოლო ნერვიულობის ნიადაგზე მან მხედველობა დაკარგა... ერთადერთი ახლობელი ადამიანი, ვინც მას დარჩა, ეს არის მისი 90 წლის და ვენერა, რომელიც დაავადებულია სკლეროზის მძიმე ფორმით.
მოხუცები ცდილობენ ერთმანეთზე იზრუნონ, მაგრამ ყოველი დღის გათენება მათთვის ნამდვილი განსაცდელია. ისინი რის ვაი-ვაგლახით გადაადგილდებიან, სანახევროდ შიმშილობენ, მათ სანახავად არავინ მოდის, სხედან მთელი დღე გაყინულ ოთახში და წარსულს მისტირიან. 
ჩვენ ბატონ სულიკოს რამდენიმე შეკითხვა დავუსვით:
გჯერათ თუ არა დახმარებისა უცნობი ადამიანების მხრიდან?
- რა თქმა უნდა მჯერა. რომ არა კეთილი ადამიანები, ცოცხალი უკვე აღარ ვიქნებოდი, თუმცა ყოველთვის მერიდება შეწუხება... მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი მე და ჩემს დას არ გვაქვს... ძალიან ბევრია ჩვენსავით სიდუხჭირეში მცხოვრები მოხუცი... ეჰ, როცა ახლაგაზრდები ვიყავით, ყველას ვჭირდებოდით, ახლა კი -  სრულიად მივიწყებულები ვართ... 
ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული? 
-იმაზე, რომ  მე და ჩემს მეუღლეს შვილები არ გვეყოლა. შვილები- ეს დიდი ძალაა, მაგრამ ღმერთის ნება ასეთი იყო! 
რა იყო თქვენი ცხოვრების მთავარი ოცნება? 
- სპორტული კარიერა - ეს იყო ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი მუხტი და საკმაო წარმატებებსაც მივაღწიე. კიდევ ვოცნებობდი შვილებზე, მაგრამ ეს აუხდენელ ოცნებად დამრჩა. 
დღეს თუ ოცნებობთ რამეზე?
-შიმშილით რომ არ დავიხოცოთ მე და ჩემი და...რომ ვიღაცამ გადმოგვხედოს და ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქოს ცხოვრება.
თქვენს ისტორიას უამრავი ადამიანი წაიკითხავს. გინდათ, რომ მათ მიმართოთ?
მე ვიცი, რომ საქართველოში უამრავი კეთილი ადამიანია. მინდა მათ მივმართო თხოვნით, რომ ჩვენც გადმოგვხედონ. ყველას ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას, შვილების მოსწრებას და კეთილდღეობას! გფარავდეთ  უფალი! 
მეგობრებო, გთხოვთ, დააკვირდეთ ამ მოხუცების ფოტოებს! მათ ცრემლიან თვალებში უზომო ტკივილსა და სევდას ამოიკითხავთ. შეუძლებელია, რომ ვინმე გულგრილი დარჩეს. ჩვენ ახლა გვაქვს შანსი  ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, მათზე, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს ჩვენს თანადგომას და დახმარებას.
ორი წლის წინ თქვენ უკვე დაეხმარეთ სულიკო ნიქაბაძეს ჩვენი ფონდის მეშვეობით, თუმცა როგორც ხედავთ,  მდგომარება კვლავ მძიმეა. თუ მის მეზობლად ცხოვრობთ, მოინახულოთ და-ძმა, დაეხმარეთ სახლის დალაგებაში ან ცხელი სადილის მომზადებაში, გაახარეთ და გაუთბეთ მათ გულები. 
შემოწირულობა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე  GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სულიკო ნიქაბაძე ) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
 აკეთეთ კეთილი საქმეები, რამეთუ  სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს!

მსგავსი პროექტები: