ნუ დაუშვებთ, ჩემი პატარა გოგონა რომ მოკვდეს! ის დღითიდღე ილევა და ქრება... და ჩემი ცხოვრებაც მასთან ერთად! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნუ დაუშვებთ, ჩემი პატარა გოგონა რომ მოკვდეს! ის დღითიდღე ილევა და ქრება... და ჩემი ცხოვრებაც მასთან ერთად!

page info icon
2022 ივლის 21
„ბები, შენ ხომ ხარ ჩემი ბედნიერება? შენ ხომ ხარ ჩემი სიყვარული, ბები?“ - მაია თავზე ხელს უსვამს და გულში იხუტებს თავის თორმეტი წლის შვილიშვილს - ანანოს. ანანო პირს აღებს, დიდრონი ცისფერი თვალები უღიმის. მასაც უნდა რამე უთხრას ბებიკოს - იმ ერთადერთ ადამიანს, ვინც არ მიატოვა, ხელი არ გაუშვა და ასე ჩაბღაუჭებულმა ატარა წლების მანძილზე, მაგრამ... მაგრამ, მას ეს არ შეუძლია... მას არც სხვა ბავშვებივით ეზოს ბოლოდან გამოქანება და ბებოს გახარება შეუძლია, არც გაზაფხულის ყვავილების დაკრეფა დედასავით საყვარელი ადამიანისთვის დედის დღის მისალოცად...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
15,132 ₾
( 979 დონორი )
დასრულებულია
ნუ დაუშვებთ, ჩემი პატარა გოგონა რომ მოკვდეს! ის დღითიდღე ილევა და ქრება... და ჩემი ცხოვრებაც მასთან ერთად!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ანანო, ბებოს ყველაზე მატად უყვარხარ მთელ დედამიწაზე“
      „ბები, შენ ხომ ხარ ჩემი ბედნიერება? შენ ხომ ხარ ჩემი სიყვარული, ბები?“ - მაია თავზე ხელს უსვამს და გულში იხუტებს თავის თორმეტი წლის შვილიშვილს - ანანოს. ანანო პირს აღებს, დიდრონი ცისფერი თვალები უღიმის. მასაც უნდა რამე უთხრას ბებიკოს - იმ ერთადერთ ადამიანს, ვინც არ მიატოვა, ხელი არ გაუშვა და ასე ჩაბღაუჭებულმა ატარა წლების მანძილზე, მაგრამ... მაგრამ, მას ეს არ შეუძლია... მას არც სხვა ბავშვებივით ეზოს ბოლოდან გამოქანება და ბებოს გახარება შეუძლია, არც გაზაფხულის ყვავილების დაკრეფა დედასავით საყვარელი ადამიანისთვის დედის დღის მისალოცად... 
        „აი, ამის ძვლებს შეხედეთ“ - მეუბნება მაია.  მერე დიდი სიფრთხილით უწევს შვილიშვილს სვიტერის სახელოს და ვხედავ... ადამიანის გული რომ ვერ გაუძლებს ისეთ სურათს. მაჩვენებს ასანთის ღერის სიმსხო მაჯებს, დაწეულ წელს, დეფორმირებულ გულ-მკერდის ძვლებს...  მეც ვუყურებ. ვუყურებ და ვფიქრობ, ღმერთო, როგორ არ გაუმართლა ამ პატარა გოგოს, რომ ამდენი დაავადება ხვდა წილად. როგორ არ გაუმართლა, რომ მასზე საკუთარმა მამამაც კი უარი თქვა... თითქოს, ყველამ მიივიწყა მისი არსებობა... მარტო ბებია ცხოვრობს მისი ყოველდღიურობით, სუნთქავს მისი ჰაერით.
        ანანო ქადარია ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობს. ის შვიდი თვის იყო, როდესაც ექიმმა საშინელი დიაგნოზი დაუსვა: ცერებრული დამბლის მწვავე ფორმა თანმხლები ეპილეფსიური შეტევებით, მიკროცეფალიით. გარდა ამისა, ანანოს მხედველობის და კბილების პრობლემებიც აწუხებს...
ისეთი გამხდარია, ძვლებსაც კი დაუთვლით...
        - მაია, იქნებ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ ანანოს ამბავი, რა შეემთხვა? ეს დაავადებები თანდაყოლილია თუ შეძენილი? ან, სად არიან მისი მშობლები?
        მაია: ეს ციცქნა არსება ჩემი პირველი შვილიშვილია, პირველი მერცხალი. ღმერთო, რა ბედნიერი ვიყავი, ამ ქვეყანას რომ მოევლინა. ბებიობა დიდი ბედნიერებაა. ჩემმა ქალიშვილმა, მარიამმა რთულად იმშობიარა, თუმცა ექიმებმა გვითხრეს, რომ ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა. თვენახევრის იყო, როდესაც მან გაუთავებელი ტირილი დაიწყო. მშობლებიც პატარები და გამოუცდელები იყვნენ, ამავდროულად ჯიუტები და ექიმთან წაყვანას არ ჩქარობდნენ. შვიდ თვემდე იტანჯებოდნენ ბავშვიც და დედაც - ჩემი ქალიშვილი მარიამი, ღამეებს რომ უთენებდა ანანოს.  ბევრჯერ მოვთხოვე ჩემს სიძეს დაუყონებლივ გადაეყვანა საავადმყოფოში, მაგრამ... მაგრამ, მე ვინ დამიჯერა... მანამ, სანამ ბავშვი სრულიად არ გაითიშა... ფაქტობრივად ის უკვე მკვდარი იყო, საავადმყოფოში რომ შევიყვანეთ. ექიმების დახმარებით მოვაბრუნეთ ჩემი ნამცეცა საიქიოდან. და, აი, მაშინ გავიგე ამ საშინელი დიაგნოზის შესახებ. (ხელებს ყურებზე იფარებს.) ახლაც ჩამესმის ექიმების ხმა...
         იმის მერე, თითქოს ყველას ტვირთად იქცა ჩემი პატარა. მხოლოდ სამი წელი აიტანა მამამ, მერე კი, ოჯახი დაინგრა... 
        - და თქვენი ქალიშვილი?
       მაია: ორივე ჩემთან წამოვიყვანე. ხუთ თვეში მამამისმა ახალი ოჯახი შექმნა, ანანოსთვის კი, ალიმენტი ერთხელაც არ გადაუხდია. მერე მე და ჩემი შვილი ვზრდიდით და ვუვლიდით, გვქონდა თუ არ გვქონდა, რაღაცას მაინც ვახერხებდით. თან, მეც უფრო ჯანმრთელი ვიყავი, ჩემი მეუღლეც... მეტი შეგვეძლო... ხუთი წლის შემდეგ, მარიამმაც შექმნა სხვა ოჯახი და მისთვისაც ტვირთად იქცა ჩემი პაწაწინა... 
        - და ანანოზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღეთ?
         მაია: ვიფიქრე, გავუმკლავდებოდი. ვუმკლავდებოდი კიდეც, სანამ მე და ჩემს მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები შეგვექმნებოდა. ბესიკს მაღალი წნევა აწუხებს. მე ნაღვლის ბუშტი მაქვს ამოსაკვეთი. მაგრამ მირჩევნია, ეს ყველაფერი ასჯერ მეტად მაწუხებდეს, ოღონდ ჩემი ანანო მყავდეს კარგად. 
         ყოველი მისი ეპილეფსიური შეტევის დროს, მე ვკვდები. ამას რომ რამე დაემართოს, თავს ერთ წუთსაც არ ვიცოცხლებ! კბილებიც საშინლად სტკივა. ექიმი ვერ რისკავს ამოღებას, რადგან მასაც ეშინია, ეპილეფსიური შეტევა არ დაემართოს. ამიტომ ვცდილობთ, მალამოების გამოყენებით შევუმსუბუქოთ მდგომარეობა. ეს ტკივილი ხანდახან ისეთი გაუსაძლისია, ღამეებს ვათენებთ ერთად. ახლაც, ოთხი ღამის უძილო ვარ, მაგრამ უკვე მივეჩვიე. ოღონდ ამას არაფერი მოუვიდეს და, ასე მგონია, ფეხებით ჩამოკიდებულიც გავძლებ.  (ცრემლებს იწმენდს.)
        - რამდენად ხშირად ემართება ეპილეფსიური შეტევა?
        მაია:  აი, ამ წამლებს ხედავთ, რამდენია?
        (მეც წამლებისკენ ვიხედები და ვცდილობ დავითვალო...)
        მაია: ჩვიდმეტამდე დასახელების მედიკამენტის შეძენა გვიწევს. აქედან, მხოლოდ ერთს აფინანსებს სოციალური. ამ წამლების შეძენას როდესაც ვახერხებთ, შეტევაც ნაკლებად ხდება და საავადმყოფოშიც ნაკლებად ვხვდებით -  ასე, სამ-ოთხ თვეში ერთხელ - ეს ნიშნავს ჩვენთვის ნაკლებად მოხვედრას! იქ უკვე ყველა გვიცნობს...
        - თქვენი შემოსავალი რა არის?
        მაია: მე ვერ ვმუშაობ. ანანოს ვის დავუტოვებ? ის ხომ მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული? ჩემი მეუღლე დღიურ სამუშაოებზე თუ გავა, ისიც, თუ იშოვის... რამე რომ გამოჩნდება. იქაც, იცით, ალბათ, რა მცირეა ანაზღაურება. რამდენჯერ, ფიზიკური დატვირთვის დროს, ცუდად გამხდარა... მოკლედ, ვართ ძირითადად სოციალური დახმარების და ანანოს პენსიის იმედად. ამ, ისედაც უმცირესი, თანხის ნახევარი კი, ბანკში მიდის. ჩარიცხვისთანავე კრედიტის ყოველთვიურ გადასახადს გვაჭრის ბანკი. 
      - კრედიტი ალბათ ისევ ანანოსთვის დაგჭირდათ...
      მაია: დიახ! ნუთუ შესაძლებელია ამ ცხოვრებაში კრედიტის გარეშე გაუმკლავდე ჯანმრთელობის, ან თუნდაც ყოფით პრობლემებს?
      - დედა თუ აკითხავს ხოლმე ანანოს?
       მაია: დაბადების დღეზე, დღესასწაულებზე, რითაც შეუძლია ეხმარება. მასაც არ აქვს საშუალება. მასაც ძალიან უჭირს. 
       - ანანოს მხოლოდ თქვენი ესმის, ახლაც როგორი ღიმილიანი სახით გიყურებთ...
       მაია: არა, ამ წუთას, ის მარტო მე არ მიღიმის. ის გრძნობს ადამიანების დადებით აურას, მას თქვენი ხმაც სიამოვნებს და ამიტომ იღიმის. ხვდება, რომ ჩვენი სიკეთისთვის მოხვედით...
       ისე, როდესაც ასე მარტო მე მიღიმის  - ძირითადად ხელში აყვანას  და ალერსს მთხოვს. მეც თითქმის სულ ხელში მყავს. ასე უფრო მშვიდია. მისი სიმშვიდე და ღიმილი კი, ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. ჩემი ნამცეცა თორმეტი წლისაა. ქარივით მსუბუქია. სულ რაღაც თორმეტ კილოგრამს იწონის, რაც მისი ასაკისათვის  წარმოუდგენლად შეუსაბამოა.
„მისი ეს ღიმილი მთელი ქონებაა ჩემთვის!“
       - განსაკუთრებით რა მოსწონს?
      მაია: უყვარს ტელევიზორის ყურება. რატი დურგლიშვილის სიმღერები. როცა უსმენს, თავისებურად ღიღინებს კიდეც. ამ დროს კარგ ხასიათზეა. მაგრამ თუ შუქი გაგვითიშეს, მერე იწყება ჯოჯოხეთი: ყვირის, „ჩხუბობს“, ტირის... შესაძლოა, ნერვიულობის ფონზე კრუნჩხვაშიც ჩავარდეს.
ანანო რატი დურგლიშვილის სიმღერებს უსმენს და კარგ გუნებაზეა.
       - სინათლეს ხშირად თიშავენ?
       მაია: გადაუხდელობის გამო - ეს ვიგულისხმე. ვერ ვიხდით გადასახადებს. ამას წინათ, გაზიც და შუქიც ერთად გამოგვირთეს. იმისთვის, რომ ფაფა მომემზადებინა ბავშვისთვის, ჩემმა მეუღლემ ცოტა ხნით ახსნა ლუქი გაზის მრიცხველს. დაგვაჯარიმეს. მას შემდეგ, გაზი არ გვაქვს... აბა, ასეთ მდგომარეობას რა გული გაუძლებს?! ძალიან მიჭირს, სულ მეტირება. მაპატიეთ. ცრემლებს ვყლაპავ. არ მინდა, ანანომაც იგრძნოს ჩემი ცუდი განწყობა - ეს მისთვის რაღაცნაირად გადამდებია.
         - სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ?
        მაია: სოციალური შემწეობაც სულ ორი წელია, რაც დაგვინიშნეს. მანამდე არ გვაძლევდნენ. არ ვიცი, რა ნახეს ჩემს ჩამოქცეულ ქოხში ამისთანა, (ხელს იშვერს გახვრეტილი ჭერისკენ, საიდანაც წვიმის წყალი წკაპა-წკუპით ეცემა ემალის ძველ ჯამში.) მაგრამ, შესაბამის ქულებს არ გვიწერდნენ. თუმცა ბოლოს, როდესაც განაცხადზე კიდევ ერთხელ მივედი, ერთი ბატონი დამხვდა იქ - სააგენტოში. მე კი, მისი სახელიც არ ვიცი... მაგრამ სულ ვლოცავ, ღმერთი უშველის...  რომ გაიგო ჩემი მდგომარეობა, თქვა: „რას ჰქვია არ გეკუთვნითო?!“ და დაგვეხმარა კიდეც. 
       - სპეციალურ მასაჟებზე თუ დაგყავთ, რომელიც უფასოდ ეკუთვნის? 
       მაია: სამწუხაროდ, გვიან გავიგეთ ამ დახმარების შესახებ, სოფლად ნაკლებია მოსახლეობის ინფორმირება. ვიარეთ ორი წელი. მერე კი, მასაჟისტმა უარი გვითხრა მასაჟების კურსის გაგრძელებაზე, რადგან იმდენად დაუწვრილდა ანანოს ძვლები... ხომ ნახეთ... რა მასაჟებზეა საუბარი, უხეში შეხებაც კი, შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს. სულ გაილია ჩემი გოგონა...(ტირის.) 
       - ანანოს მასზე მორგებული სპეციალური ეტლი თუ აქვს?
       მაია: გვაქვს, სახელმწიფომ გადმოგვცა, მაგრამ დღითიდღე იმდენად იწევს ქვემოთ ანანოს წელი, ჩონჩხი ისეთი სისწრაფით იცვლება, რომ შეუძლებელია, რომელიმე ეტლში მუდმივად კომფორტულად იგრძნოს თავი... ღმერთო, ნეტავ იცოდეთ, როგორ მიმძიმს ამაზე საუბარი...
        - ჩვენი ფონდის შესახებ როგორ გაიგეთ?
       მაია: მე მწამს უფლის, მჯერა კეთილი ადამიანების არსებობის, მიყვარს თქვენი ფონდის ყოველი წევრი, ყველა მეგობარი და გამომწერი. ისინი ხომ მუდმივად კეთილ საქმეს აკეთებენ?! ერთხელ, მათ უკვე გამოგვიხსნეს უკიდურესი გაჭირვებიდან. ძალიან მიმძიმდა, მეორედ მომემართა. მაგრამ... მაგრამ ახლა, ისეთ მდგომარეობაში ვარ, ქუჩაშიც კი დავჯდები სამათხოვროდ, ოღონდ ჩემი პატარა ანგელოზი გადავარჩინო.  მშივრები ვართ! ანანოს სრულფასოვანი კვება, მედიკამენტები, პამპერსები სჭირდება. დღე-ღამეში სამი პამპერსიც არ გვყოფნის. აბა, როგორ, საიდან, რანაირად შევძლო ამ ყველაფრის შეძენა იმ „კაპიკებით“, რასაც სახელმწიფო გვაძლევს? ეს ხომ წარმოუდგენელია...
„მხოლოდ ის მინდა, რომ წყალი არ ჩამოგვდიოდეს!“
      მერე, ჩვენი სახლი? ხომ ხედავთ, როგორ კედლებში გვძინავს.  ჩვენი ახლობელი ადამიანების დახმარებით, სამი ოთახი მივაშენეთ გარშემო იმ ხის სახლს, სადაც აქამდე ვცხოვრობდით და სადაც შეუძლებელთან ერთად, სახიფათოც კი გახდა ყოფნა. აი, გესმით წვიმის წკაპუნი? ანანოც ხშირად ყურს უგდებს ხოლმე ამ ხმას. მისი ოთახიდან გადმოყვანა მიწევს ხოლმე ყოველი წვიმის დროს. უკვე მის ოთახშიც ძალიან ჩამოდის წყალი.
           - რას ეტყოდით ჩვენს ერთგულ მეგობრებს, ფონდის გამომწერებს?
         მაია: მე არ მჭირდება არც ტელეფონები, არც ტექნიკა, არც ტანსაცმელი... ნეტა სად დავდივართ?! მე მხოლოდ საკვები, მედიკამენტები, პამპერსები და ანანოსთვის ნორმალური ოთახი მჭირდება. მინდა, რომ შევძლოთ გადასახადების დროულად გადახდა. მინდა, რომ ჩემს ნამცეცას სულ ჰქონდეს თბილი საჭმელი და შეძლოს თავისი საყვარელი მუსიკის მოსმენა. 
        ჩემო ტკბილო და საყვარელო ადამიანებო, გევედრებით, დაგვეხმარეთ, გადამირჩინეთ ჩემი თორმეტი კილოგრამი ბედნიერება, თორემ თავს არც მე ვიცოცხლებ. ანანოთი ამოდის და ჩადის ჩემი მზე. მის გარეშე, ჩემთვის „ხვალე“ არ არსებობს!
ეს გოგო უნდა გადარჩეს!
        გულმოკლულმა დავასრულე ინტერვიუ.  ვცდილობდი, თავშეკავებული ვყოფილიყავი და ემოციები მომეთოკა. ისევ ის აზრი ამეკვიატა, რაც თავიდან: როგორ არ გაუმართლა ამ პატარა ცისფერთვალება გოგონას ცხოვრებაში!  მაგრამ ბებიაში ხომ მაინც გაუმართლა - ასეთი თბილი და მოსიყვარულე რომ არგუნა ბედმა?! და ჩვენშიც! ჩვენში გაუმართლა, ჩემო ძვირფასო თანაფონდელებო, ძვირფასო მკითხველებო! რადგან ვიცი, რომ ურეაქციოდ არ გაატარებთ ამ პოსტს და აუცილებლად შეეცდებით გვერდში დაუდგეთ პატარა ანანოს, ბებოს თორმეტკილოგრამიან ბედნიერებას!
     თქვენ შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ ისინი შემდეგ მისამართზე: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი დარჩელი. გახსოვდეთ, უფალი ხედავს თქვენს ყოველ კეთილ საქმეს!
***
       თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ანანო ქადარია)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: