უპოვარ სულთა იმედის სავანე

თავშესაფრის დირექტორმა, ქალბატონმა ინგამ დახმარებისთვის ჩვენს ფონდს მიმართა და გვიამბო ამ ყველასგან მიტოვებული, შეჭირვებული ადამიანების ისტორიები. გულგრილნი ნამდვილად ვერ დავრჩებოდით. პირველადი საჭიროების ნივთები მოვაგროვეთ და გასაცნობად ვესტუმრეთ მათ. მივუტანეთ თეთრეული, საკვები, საფენები და ჰიგიენური საშუალებები. ასეთი უბრალო საჩუქრები, მხოლოდ მოხუცებს და ბავშვებს უხარიათ.


არიან ისეთები, ვინც მიატოვეს, ერთხელაც არ მოიკითეს, მზრუნველობა საერთოდ არ გამოიჩნეს. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოხუცებს მაინც აქვთ იმის იმედი, რომ შვილები დაბრუნდებიან, რომ კიდევ მიეცემათ საშუალება, საყვარელი ადამიანების გვერდით გაატარონ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები. ისე ელიან შვილებს, როგორც ბავშვთა სახლებში ბავშვები მშობლებს ელიან. ისინი კი, ვისაც სიცოცხლე აჩუქეს და აღზარდეს, წავიდნენ და მარტოობისთვის გაწირეს მოხუცები.

მაგრამ, ამ საყვარელ მოხუცთა შორის არიან ისეთებიც, ვისაც უბრალოდ სურს "თავისიანებთან" ყოფნა. ვისაც აქვს ბინა, მზრუნველი შვილები და მეურვეები ჰყავს, მაგრამ ურჩევნიათ იმათთან ყოფნა, ვისთანაც გულიანი საუბარი შეუძლიათ, ვისაც დღეში ასჯერ შეუძლიათ უამბონ ერთი და იგივე. მეორე და მესამე დღესაც, ისინი კი არაფერს საყვედურობენ და ბოლომდე უსმენენ, მერე რა, რომ გუშინ ბალერინა იყავი, დღეს კი უცებ ექიმი გახდი? მაინც საინტერესოა. მთავარია, რომ აქ უსმენენ, ზრუნავენ, მუდამ გემრიელი საჭმელი არის და შეახსენებენ, რომ წამლის დალევის დროა. ერთად, ტელევიზორის ყურებაც უფრო საინტერესოა, მერე რა, რომ ერთია ყველასთვის?

