11 წლიანი ტანჯვის ისტორია - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

11 წლიანი ტანჯვის ისტორია

page info icon
2018 იანვარი 17
პატარა ანზორი ვერ ხედავს, მას არ ესმის და არც ლაპარაკი შეუძლია. ბავშვი ვერ დადის, მხოლოდ ხანდახან გამოსცემს გაურკვეველ ბგერებს
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,169 ₾
( 83 დონორი )
დასრულებულია
ნებისმიერმა დედამ იცის, რომ ბედნიერების უმაღლეს საფეხურს შვილის ჯანმრთელობაა და შესაბამისად, ძალიან მძიმეა იმის აღქმა, რომ შენი შვილი ისეთი არაა, როგორც ყველა. დედა იტანჯება, ძალებისაგან იცლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერც ტკივილს და ვერც დაღლილობას ამ დროს ვერ გრძნობს. ის საკუთარ თავს შრომას აიძულებს, რამეთუ სნეულ შვილზე ზრუნვა ამიერიდან მისი უპირველესი მოვალეობაა. 
მაია ბარათაშვილი უკვე თითქმის 11 წელია, რაც მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობს. მის მთავარ ტრაგედიას წარმოადგენს 10 წლის შვილი - ანზორ დავითური, სიმპათიური ხუჭუჭა ბიჭუნა, რომელიც დაავადებულია ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით. 
ბავშვი ახალგორის რაიონში დაიბადა, სადაც დროულად ვერ მოხერხდა თანდაყოლილი დაავადებების გამოვლენა. კრუნჩხვები პირველად  პატარა ანზორს  ორი თვის ასაკში დაეწყო, მაგრამ აგვისტოს ომმა და საკუთარი სახლიდან განდევნამ ხელი შეუშალა ბავშვისთვის სრულფასოვანი გამოკვლევის ჩატარებას. დევნილობის უმძიმესმა პირველმა პერიოდმა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გაართულა და დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა. 
„ბავშვის გამოკვლევის მიზნით, წამოვედით დევნილთა ჩასახლებიდან და ზაჰესში, ნათესავის სახლში დავიდეთ ბინა. კლინიკაში გვითხრეს, რომ ანზორი ეპილეფსიის უმძიმესი ფორმით არის დაავადებული, თუმცა ზუსტი დიაგნოზი ექიმებმა ვერ დასვეს. წავედით სხვა კლინიკაში. იქ იგივე განმეორდა. გავაგზავნეთ ანალიზები უცხოეთში, საიდანაც შემოგვითვალეს, რომ წამლები არასწორად არის დანიშნული, ხოლო ბავშვის სრულფასოვანი გამოკვლევისთვის მისი ადგილზე ჩაყვანაა საჭირო. ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხას უკავშირდება, რომელიც ჩემს დევნილ ოჯახს  არ გააჩნია“, - ამბობს მაია ბარათაშვილი.   
ეს ფართოდ  გახელილი თვალები, სინამდვილეში „დახუჭულია“. პატარა ანზორი ვერ ხედავს, მას არ ესმის და არც ლაპარაკი შეუძლია. ბავშვი ვერ დადის, მხოლოდ ხანდახან გამოსცემს გაურკვეველ ბგერებს, ვერავის სცნობს, ვერ გამოდის კონტაქტზე და ერთ ადგილზე გაჩერება  უჭირს. ბავშვი ვერ გრძნობს სამყაროს, იგი მხოლოდ არსებობს. 
ძლიერი კრუნჩხვები მას ხშირად ემართება. არის შემთხვევები, როდესაც გამოეღვიძება ღამით, წამოხტება საწოლიდან და იატაკს ეხეთქება თავით ან კბილებით. მთელი ოჯახი, მათ შორის  ანზორის ძმა -7 წლის ლექსო, მთელი ძალებით აკავებს ბავშვს, რომელსაც მაშინათვე თუ არ უშველე, დაიღუპება. შეტევებს შეიძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჰქონდეს ადგილი, ამიტომ დედა, ბებო და პაპა თვალს არ აშორებენ საყვარელ შვილიშვილს... და, ასე გრძელდება ყოველდღე! 
მაია ვერ გადის სამსახურში, რადგან სნეულ შვილს მთელი დღე ვერავის უტოვებს მოსავლელად. 59 წლის პაპა გიორგი ტუბერკულოზით არის დაავადებული, ხოლო 58 წლის ბებო ალექსანდრა - ონკოლოგიური დაავადებით. ეს ოჯახი ძალიან შეკრულია, მაიას მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ შეუმსუბუქონ მას ბავშვის მოვლა. გული დამძიმდება, რომ შეხედოთ ამ სრულიად დაუცველ ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეს სიღარიბესა და ავადმყოფობაში ატარებენ.   
ბავშვის პენსია და მიზერული სოციალური შემწეობა მხოლოდ პურზე და ელემენტარულ წამლებზე თუ ჰყოფნით. მათ საკუთარი კერა არ გააჩნიათ. ცხოვრობენ საშინელ სივიწროვეში. დამტვრეული ავეჯი, დამსკდარი იატაკი, დაჟანგული ჭურჭელი, ძველი ტანსაცმელი - სამწუხაროდ, ეს მათი მთელი „ავლა-დიდებაა“ ...და, ამ ყველაფერს „სევდისა და სასოწარკვეთის  სუნი“ ასდის.  ეს ადამიანები ხანგრძლივ კრიზის განიცდიან, მარტივად რომ ვთქვათ - სიკვდილის ზღვარზე იმყოფებიან. 
მეგობრებო, გაუწოდეთ ამ ოჯახს დახმარების ხელი, გამოხატეთ მხარდაჭერა რითიც შეგიძლიათ, აქციეთ მათი არსებობა ცხოვრებად!   მათ ესაჭიროებათ ყველაფერი  - მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები. ისინი უსაზღვროდ მადლიერი იქნებიან თუ აჩუქებთ კარადას ან საწოლს, სკამებს  ან კომოდს... ყველაზე მეტად დახმარება კი პატარა ანზორს ესაჭიროება! მის ოჯახს არ გააჩნია ბავშვის მკურნალობისთვის აუცილებელი თანხები, ხოლო ეპილეფსიის გართულებულმა ფორმამ სავსებით შესაძლებელია, რომ  გამოიწვიოს გულის დაავადებები, ჰაერის უკმარისობა და...სიკვდილიც კი. 
თქვენ გეძლევათ შანსი გადაარჩინოთ ეს ბავშვი! დახმარება არ გადადოთ ხვალისთვის, ხვალ  - შეიძლება უკვე გვიანი იყოს! სწორედ ახლა არის ის წუთი და წამი, როდესაც თქვენს მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება! 
ანზორი - ალერსიანი ბავშვია. თუ თავზე მოეფერები, ვერ გიცნობთ, მაგრამ აუცილებლად „გიპასუხებთ“ -  თქვენს ხელს ჩაეხუტება და დახუჭავს მის „ფართოდ გახელილი თვალებს“. და, კიდევ... 21 იანვარს მას 11 წელი შეუსრულდება!
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ მძიმე სენით დაავადებულ ამ ბავშვს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანზორ დავითური) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან    https://chernovetskyifund.ge/ge/projects/276-davituri/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
სამი რამ არასდროს უკან არ ბრუნდება - დრო, ნათქვამი სიტყვა და შესაძლებლობა. ნუ დაკარგავ დროს, აირჩიე სწორი სიტყვები და არ გაუშვა ხელიდან ადამიანის გადარჩენის კიდევ ერთი შანსი! 

მსგავსი პროექტები: