„მოიშორე!“ – მეუბნებოდა ქმარი… - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„მოიშორე!“ – მეუბნებოდა ქმარი…

page info icon
2021 აგვისტო 11
თორმეტი წლის ერეკლე ოჯახის თავია: დილით ადრე დგება (8 საათზე), დედას სამსახურში აცილებს, სახლს ალაგებს და მერე თავისი ხუთი წლის ძმის, დემეტრეს გაღვიძებას ელოდება. ეს ერთი ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა მარტოხელა დედისა და მისი ორი შვილის შესახებ... რა არის უცნაური იმაში, რომ უფროსი ძმა უმცროსს უვლის?.. მაგრამ! დემეტრეს ძალიან მძიმე დაავადება აქვს - ჰიდროცეფალია (თავის ტვინის წყლული.) მას არც სიარული შეუძლია, არც ლაპარაკი და არც დამოუკიდებლად ჭამა. ასეთ მძიმედ სნეულ ბავშვთან გამკლავება ზრდასრულ ადამიანსაც კი გაუჭირდებოდა, აქ კი საქმე თორმეტი წლის ძმას ეხება!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,585 ₾
( 233 დონორი )
დასრულებულია

თორმეტი წლის ერეკლე ოჯახის თავია: დილით ადრე დგება (8 საათზე), დედას სამსახურში აცილებს, სახლს ალაგებს და მერე თავისი ხუთი წლის ძმის, დემეტრეს გაღვიძებას ელოდება. ეს ერთი ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა მარტოხელა დედისა და მისი ორი შვილის შესახებ... რა არის უცნაური იმაში, რომ უფროსი ძმა უმცროსს უვლის?.. მაგრამ! დემეტრეს ძალიან მძიმე დაავადება აქვს - ჰიდროცეფალია (თავის ტვინის წყლული.) მას არც სიარული შეუძლია, არც ლაპარაკი და არც დამოუკიდებლად ჭამა. ასეთ მძიმედ სნეულ ბავშვთან გამკლავება ზრდასრულ ადამიანსაც კი გაუჭირდებოდა, აქ კი საქმე თორმეტი წლის ძმას ეხება!

როდესაც ერეკლეს რამდენჯერმე ჩავეკითხე, უჭირს თუ არა, მან ღიმილით მიპასუხა: „არა, რა თქმა უნდა! როგორ შეიძლება იმ ადამიანის მოვლა გიჭირდეს, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს?!“

ბიჭებთან გატარებული დრო, - სანამ მათ დედას ველოდებოდი, - ძალიან სწრაფად გაფრინდა. თორმეტი წლის კაცს მონუსხულივით ვუსმენდი... და სიმართლე გითხრათ, მე ის შემიყვარდა! ოჰ, როგორ გაუმართლებს იმ გოგოს, რომელიც მისი ცოლი გახდება!

ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრეთ: როგორია მარტო ყოფნა და ძმაზე ზრუნვა, სიკეთესა და ბოროტებაზე, ღმერთზე, მეგობრებზე და მომავალზე. ყოველ ჯერზე, ერეკლეს პასუხი უფრო და უფრო მაოცებდა. ერთ რაღაცას მივხვდი: კაცებად არ ყალიბდებიან, კაცებად იბადებიან!

„როგორც წესი, ცხრა საათზე იღვიძებს,“ - მეუბნება ერეკლე. – „მანამდე ოთახის დაგვას და ჭურჭლის დარეცხვას ვასწრებ. როცა იღვიძებს, მას მთელი ჩემი ყურადღება სჭირდება: ჯერ საფენებს ვუცვლი, ვბან, ვაცმევ, ხელში ამყავს და ოთახში დავატარებ, ფანჯრიდან ვახედებ... მერე კრუტუნს იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოშივდა. ათ საათზე უნდა ვაჭამო. ღეჭვა არ შეუძლია, ამიტომ თხევად საკვებს ვაჭმევ. მისთვის წვნიანებს დედა ამზადებს, - მე ჯერ არ შემიძლია. დედის მოსვლამდე შემიძლია უგემრიელესი და ყველაზე ხრაშუნა კარტოფილი შევწვა. შემიძლია გასწავლოთ! მაგრამ ჯერ დაბრძანდით და დამელოდეთ! დემეს უნდა მივხედო. მგონი, მოსწყურდა.“

„მე შენ არასოდეს მიგატოვებ!“

ახლა კი ყველაფერს თანმიმდევრობით მოგიყვებით: დემეტრე ნაადრევად დაიბადა, - შვიდი თვის. სიმართლე გითხრათ, ის არც ისე სასურველი ბავშვი იყო. მამა ცოლის მეორე ორსულობამ დიდად არ აღაფრთოვანა. რამდენჯერმე ბავშვის მოშორებაც კი შესთავაზა. დიახ, ასეთებიც ხდება! მაგრამ ქეთევანი არ დანებდა და ბავშვი მაინც გააჩინა. დროზე ადრე...

„ის უფრო მეტად დაუცველია, ვიდრე ჩვენი კნუტი.“

ქეთევანი: ნაადრევი მშობიარობა დამეწყო. თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ ბავშვს ფილტვები არ გაეხსნა. აპარატზე შეაერთეს და ორი თვე საავადმყოფოში იწვა. იმდენი ცრემლი ვღვარე... მაგრამ ქმრისგან არანაირი მხარდაჭერა არ მქონია.

რატომ? ავადმყოფი ბავშვის მიღება არ უნდოდა?

ქეთევანი: მეორე შვილი საერთოდ არ უნდოდა! როცა დემეტრეს ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო, არაერთხელ გამიმეორა: „ხომ გეუბნებოდი, არ ღირს გაჩენა და მოიშორე-მეთქი?!“ და როცა ბავშვი ძალიან ავად გახდა, როცა თავის ტვინის წყლული განუვითარდა, ექიმებთან მარტო დამყავდა. თბილისშიც მარტო წავედი.

თბილისში წასვლა რატომ მოგიწიათ?

ქეთევანი: ბათუმის ექიმებმა განგაში ატეხეს. ბავშვი ძალიან ცუდად იყო, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო... დემე შვიდი თვე თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციაში იწვა. წასასვლელი არსად მქონდა, მაგრამ ვინმესთან დარჩენა რომც შემძლებოდა, შვილისგან შორს ვერ ვიქნებოდი. შვიდი თვე საავადმყოფოში, სკამებზე მეძინა. გაუთავებლად ვლოცულობდი. ექიმები ამბობდნენ, რომ მისი გადარჩენის შანსი თითქმის აღარ იყო, მაგრამ მჯეროდა, რომ ღმერთი არ დაგვტოვებდა. ყველა ეკლესია, ყველა წმინდანის საფლავი მოვიარე... და აი, სასწაული მოხდა! მამა გაბრიელის საფლავზე ვიყავი და მას ჩემი შვილის გამოჯანმრთელებას შევთხოვდი, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ბავშვს აპარატიდან თიშავდნენ, რადგან დამოუკიდებლად სუნთქვა დაიწყო. წარმოგიდგენიათ? ეს ჯოჯოხეთი მარტომ გამოვიარე, სრულიად მარტომ...

„გადააგდე!“ - მეუბნებოდა ქმარი. კი მაგრამ, როგორ?! რომელი ნორმალური დედა მოექცევა უმწეო ახალშობილს ასე?! აი, ასეთი უსუსური იყო... და არავის, საერთოდ არავის სჯეროდა, რომ გადარჩებოდა.

შეიძლება გკითხოთ, ამ დროს ბავშვის მამა სად იყო?

ქეთევანი: სახლში იყო, ბათუმში. ერთხელაც არ ჩამოსულა. როცა დავურეკე და შევატყობინე, რომ ბავშვი თავს უკეთ გრძნობდა და მალე გამოგვწერდნენ, პასუხიც კი არ გამცა. როცა თბილისიდან სახლში დავბრუნდი, - ავადმყოფი ბავშვით ხელში, უზარმაზარი ჩანთებით, „მარშრუტკით“, - არც კი დაგვხვედრია. დეკემბერი იყო და ყინულივით ცივი წვიმა მოდიოდა, მაგრამ მითხრა, სამსახურში ვარ და სახლში როგორც გინდა, ისე მიდიო. ცრემლები წამომივიდა... „არა უშავს!“ - ვუთხარი საკუთარ თავს. – „ჩვენ თვითონაც მშვენივრად გავუმკლავდებით!“ მისი მიტოვება სწორედ იმ დღეს გადავწყვიტე. მეუბნებოდნენ, რომ მარტოს გამიჭირდებოდა, თავს ვერ გავართმევდი, თანაც - ავადმყოფი ბავშვით ხელში... მაგრამ იცით, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო და საერთოდ არ ვნანობ.

ახლა როგორ ცხოვრობთ? როგორ უმკლავდებით?

ქეთევანი: ერეკლე რომ არა, ალბათ წელში გავწყდებოდი. მარტო ვერ გადავრჩებოდი. ნამდვილი ოქრო მყავს! ის რომ არა, - ვერც ვიმუშავებდი. სოციალურ დახმარებაზე უბრალოდ ვერ ვიცხოვრებდით. საბავშვო ბაღში აღმზრდელად ვმუშაობ და სახლიდან ადრე გავდივარ. ერეკლე დგება, მაცილებს, სახლს ალაგებს, მერე ძმას უვლის: აჭმევს, აცმევს, ეთამაშება... ზოგჯერ, თუ შემაგვიანდა, კარტოფილსაც წვავს. ამბობს, რომ არ უჭირს და მის ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა... მაგრამ ხომ გესმით, მისთვის რა რთულია?

„სანამ დემე გაიღვიძებს, ყველაფერი სუფთად და წესრიგში უნდა იყოს!“

ერეკლე: ოჰ, კარგი, რა! საერთოდ არ არის რთული! ჩემთვის ყველაზე ბედნიერი ის დღე იყო, როცა დედამ მითხრა, რომ მალე ძმა მეყოლებოდა. იცით, როგორ ველოდებოდი? იცით, როგორ მიყვარს? რა არის ამაში რთული - ზრუნავდე მასზე, ვინც ძალიან გიყვარს?! თანაც, მასზე ძვირფასი ხომ არავინ მყავს?!

„ჩემი სიხარული და ბედნიერება ხარ!“

ერეკლე, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, რა! დარწმუნებული ვარ, ბევრი მეგობარი გეყოლება!

ერეკლე: დიახ, მე ყველასთან ვმეგობრობ. რა თქმა უნდა, ახლო მეგობრებიც მყავს, მაგრამ მე ყველა მიყვარს. არასდროს არავისთან მიჩხუბია. მშვიდობის მოყვარული ბიჭები ვართ.

შემთხვევით, შეყვარებულიც ხომ არ გყავს?

ერეკლე: უი, არა! ჯერ ადრეა! შეყვარებულს ყურადღება და საჩუქრები სჭირდება, მე კი ჯერ არც დრო მაქვს და არც ფული. აი, გავიზრდები, მეზღვაური გავხდები და როცა მოგზაურობიდან დავბრუნდები, მაშინ დავფიქრდები. ახლა - ჯერ ადრეა!

რატომ მეზღვაური? არ გინდა კაპიტანი გახდე?

ერეკლე: იცით, პატარა აღარ ვარ და მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა, როცა გემის კაპიტანი ხარ. რომ არ გამომივიდეს? წარმოგიდგენიათ, რამდენ ადამიანზე ვიქნები პასუხისმგებელი? თუმცა... არაფერს გამოვრიცხავ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ჩემი აზრით, უკვე ძალიან პასუხისმგებლობიანი ხარ. პატარა ძმაზე ზრუნვაც ხომ დიდი პასუხისმგებლობაა?

ერეკლე: აი, ისევ… ეს პასუხისმგებლობა კი არა, სიყვარულია! მე თუ არა, სხვა ვინ? ამას ჩემზე უკეთ ვინ გააკეთებს?

„სნეულ ძმაზე ზრუნვა პასუხისმგებლობა კი არა, სიყვარულია!“

დამარწმუნე, კარგი! დრო საკუთარ თავზე თუ გრჩება?

ერეკლე: კარგი კითხვაა. ახლავე მოგიყვებით: უკვე ვიცი, როგორ დავგეგმო დღე; ვიცი, როდის შია დემეს, როდის აქვს ძილის დრო... დედაც მთელი დღე ხომ არ მუშაობს, არა? სკოლის გარდა, რაგბიზე და ინგლისურზე დავდივარ. გემის მართვა თუ გინდა, ენებიც უნდა იცოდე და ძლიერიც უნდა იყო. რაგბი კი კუნთებსაც გიმაგრებს და სულიერადაც გაძლიერებს!

„პირველ რიგში, ძმას საფენები უნდა გამოვუცვალო“

„მერე - უნდა ვაჭამო“

„მერე - სუფთა ჰაერზე გავიყვანო“

„მერე უნდა გავართო. პირამიდას ვაწყობთ. ვეუბნები: „ეს წითელია, ეს - ლურჯი...“ ძალიან უხარია.“

წარმოგიდგენია, როგორი იქნება შენი პირველი მოგზაურობა?

ერეკლე: დიახ, ამაზე ხშირად ვფიქრობ. ძალიან მინდა, რომ პირველად რომელიმე ოკეანეში ვიმოგზაურო და ვეშაპი დავინახო!

რომელ ოკეანეში? ოკეანე ბევრია...

ერეკლე: ხუმრობთ, არა? სულ ხუთი ოკეანეა და რომელში - სულერთია. მართლა.

კარგი, გამომიჭირე! შენი ცოდნის შემოწმება მინდოდა. მოდი ვთქვათ, რომ ეს სამომავლო ოცნებებია. აი, ახლა რაზე ოცნებობ? ისეთი ოცნება თუ გაქვს, რომელიც შეიძლება ამ წუთას აგისრულდეს?

ერეკლე: საკუთარ ოთახზე და სახლზე ვოცნებობ-მეთქი, რომ გითხრათ, უსამართლობა იქნება. ვიცი, რომ ამ სურვილს არავინ ამისრულებს, ამიტომ ამ მიზნის მისაღწევად ძალისხმევა მე თვითონ არ უნდა დავიშურო. ფული უნდა ვიშოვო და რამე... მაგრამ ახლა, ყველაზე ძალიან მინდა... ოღონდ არ დამცინოთ, კარგი? მინდა დელფინარიუმში დელფინებთან ერთად ვიცურაო. იცით, რა მაგრები არიან? აი, ჩემი სანუკვარი ოცნებაც გითხარით! ძალიან უცნაური ხომ არ არის?

არა, რას ამბობ?! ზრდასრული ქალი ვარ და ამაზე მეც ვოცნებობ. რა მაგარი იქნებოდა! იმედი მაქვს, კიდევ რომ შევხვდებით, მომიყვები, როგორ იცურავე დელფინებთან და საშიში ხომ არაა...

ერეკლე: ვნახოთ, ვნახოთ... ახლა მთავარია დემე გამოჯანმრთელდეს. დედა ფულს კი აგროვებს, მაგრამ საჭირო თანხა ჯერ ვერ შევაგროვეთ. მას კომპიუტერული ტომოგრაფია სჭირდება. მართლა ძალიან სჭირდება. როგორ შეიძლება ფული საკუთარ ოცნებებზე ვხარჯო?

ქეთევანი: აი, ასე! ერეკლე ყველაფერს მოკლებულია. ძალიან ბევრ რამეს ვერ ვაძლევ. იმის ნახევარსაც კი ვერ ვუბრუნებ, რასაც ჩვენთვის აკეთებს... მაგრამ ახლა, დემეტრეს სამკურნალოდ, ფული მართლა ძალიან გვჭირდება. ტომოგრაფია ძვირია, არც წამლებია იაფი. საფენები, კვება... ხომ გესმით? მე და ერეკლე მზად ვართ ნებისმიერი მსხვერპლი გავიღოთ, ოღონდ პატარა იყოს კარგად...

„როცა კნუტივით კრუტუნებს, ვხვდები, რომ წყალი უნდა.“

ხელისუფლებისთვის დახმარება არ გითხოვიათ?

ქეთევანი: დიახ. განცხადება დავწერე, რომ ბინის მიღებაში დაგვხმარებოდნენ. ქირაში 200 ლარს ვიხდი... არ ველოდი, რომ ბინას უფასოდ მივიღებდი, მაგრამ ვფიქრობდი, - ამ 200 ლარს იპოთეკასავით გადავიხდი და ბავშვებს ბინა მაინც დარჩებათ-მეთქი. უარი მითხრეს. კარგი, არა და არა... რას ვიზამთ?! ამასაც გადავიტანთ! იმდენ რამეს გავუძელი და ავიტანე, რომ მჯერა - თავს აუცილებლად გავართმევთ! ვფიქრობ, ყველაფერი ცუდი წარსულს ჩაბარდა, ყველაფერი კარგი კი ჯერ კიდევ წინაა. მე თუ არა, ერეკლე ამას ნამდვილად იმსახურებს!

„მე არაფერი მჭირდება, ჩემს ძმას დაეხმარეთ!“

***

მეგობრებო, ამ ოჯახს ძალიან რთული ცხოვრება აქვს, მაგრამ ისინი ფარ-ხმალს მაინც არ ყრიან და უკანასკნელი ძალებით ცდილობენ, არ დანებდნენ. მათ ჩვენ ვჭირდებით! კეთილი ხალხის მხარდაჭერის გარეშე ისინი ვერ გადარჩებიან!

შეგიძლიათ მათ სტუმრად ეწვიოთ მისამართზე: ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. №48. გვერწმუნეთ, ეს ოჯახი მართლა ძალიან შეგიყვარდებათ. ისინი ბევრს არც ითხოვენ: მხოლოდ ბავშვის გამოკვლევის, წამლების, საფენების და სარეცხი მანქანის ფულს... და ეს თუ არ გამოგვივა, იქნებ პატარა გმირის სანუკვარი ოცნება მაინც ავასრულოთ - მივცეთ მას დელფინებთან ერთად ცურვის შესაძლებლობა.

მეგობრებო, ქეთევანისა და მისი შვილების დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას,

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: კუტუბიძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენი ფონდის გვერდი შეგიძლიათ იხილოთ ინსტაგრამზე https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: