სასჯელის უმაღლესი ზომა - ტანჯვა ცხოვრების ბოლომდე! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სასჯელის უმაღლესი ზომა - ტანჯვა ცხოვრების ბოლომდე!

page info icon
2022 მაისი 20
შენობა, რომელიც უნდა დაინგრეს... მალე, ის საერთოდ აღარ იარსებებს. შესაძლოა, მისმა ბინადრებმაც აღარ იარსებონ. მათ არსაით აქვთ გასაქცევი, არავინ ელის. კაციშვილი არ უდგას მხარში. რამე რომც დაემართოთ, ძალიან გვიან თუ შეიტყობს ვინმე. ალბათ მაშინ, როდესაც სოციალური დახმარების ჩარიცხვის დღეს, ნათია აღარ მივა მაღაზიაში ვალის გადასახდელად.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,591 ₾
( 206 დონორი )
დასრულებულია

სასჯელის უმაღლესი ზომა - ტანჯვა ცხოვრების ბოლომდე!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
        შენობა, რომელიც უნდა დაინგრეს... მალე, ის საერთოდ აღარ იარსებებს. შესაძლოა, მისმა ბინადრებმაც აღარ იარსებონ. მათ არსაით აქვთ გასაქცევი, არავინ ელის. კაციშვილი არ უდგას მხარში. რამე რომც დაემართოთ, ძალიან გვიან თუ შეიტყობს ვინმე. ალბათ მაშინ, როდესაც სოციალური დახმარების ჩარიცხვის დღეს, ნათია აღარ მივა მაღაზიაში ვალის გადასახდელად.


ის მარტოხელა დედაა. ეს საქართველოში, სასჯელის  უმაღლესი ზომის - ცხოვრების ბოლომდე ტანჯვის შესატყვისია!

 „მახსოვს, როდესაც შვიდი წლის ვიყავი, სკოლის მერე, სანთლებსა და ხატებს ვყიდულობდი ხოლმე, და სამმაგ ფასად ვყიდდი! მამისთვის წამლების, დედისთვის და ძმისთვის კი, ლუკმა პურის ფულს ვშოულობდი. თვითონ კი, ქუჩაში ვჭამდი. სკოლისგან, რაც შეიძლებოდა შორს მივდიოდი, თანაკლასელებს რომ არ შევხვედროდი. ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა! - ამბობს ნათია, და ღიმილით ამატებს: - ეს ყველაზე ლამაზი და სასიამოვნო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ, მშობლები მაინც მყავდა ცოცხალი, მეგონა: აი, მამა დადგება ფეხზე, აი, დედა აღარ იტირებს და უკეთესი ცხოვრებაც გვექნება... მაგრამ, მამა ფეხზე ვეღარ დადგა... დიდხანს წვალობდა, მერე კი გარდაიცვალა, ღვიძლის დაავადებით. დედაც „უკან მიჰყვა“, ერთ წელიწადში. გულმა ვერ გაუძლო. ყოველდღე ტიროდა, მის სურათს იკრავდა გულში და ეხვეწებოდა, თან წამიყვანეო! ჩვენ აღარც ვახსოვდით. ამიტომ ჩემთვის, პირველ ადგილზე ჩემი შვილები არიან“.


 „შემიძლია, რამდენიმე დღე საჭმლის გარეშე გავძლო, მაგრამ ჩემს შვილებს, არასდროს დავტოვებ მშიერს“

 - კარგი არაფერი გახსენდებათ?

 ნათია: არც კი ვიცი... ალბათ, არა. შვილები რომ გამიჩნდა, მაშინაც ვნერვიულობდი. ბავშვების მამამ ოქროს კოშკები ამიგო, მაგრამ, როდესაც მეორე შვილს ველოდებოდი, სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ოჯახი ჰყავდა. მე კი მეგონა, რომ ამხელა კაცი, ჩემზე 20 წლით უფროსი, ჩემთვის მამაც, უფროსი ძმაც და მეუღლეც იქნებოდა, ცივ ნიავს არ მომაკარებდა. 23 წლის ვიყავი მაშინ! გამოუცდელი, ცხოვრებით დატანჯული და ნაწვალები. ვფიქრობდი, რომ ვიპოვე ჩემი ბედი, საყვარელი ადამიანი, მეგონა, შემიმსუბუქდებოდა ცხოვრება. მაგრამ, ყველაფერი მხოლოდ უარესობისკენ შეიცვალა. დავრჩი მშობლების, სახლისა და განათლების გარეშე, თანაც - პატარა შვილებით...


 „ჩემთვის, სასახლეა ეს ნანგრევები!“

 - აქ როგორ აღმოჩნდით?

 ნათია: არ დაიჯერებთ. ერთმა ყველაზე სათნო ქართველმა ქალმა, ქუჩაში დამინახა. ორსულად ვიყავი, მშიერი, პატარა ბავშვით. ვტიროდი, არც ფული მქონდა, არც გადარჩენის რაიმე იმედი. მითხრა, რომ ბორჯომში ცხოვრობდა, რაღაც ნაგებობაში, ყოფილი ვეტლაბორატორიის შენობაში. მეც დავთანხმდი. უბრალოდ, წასასვლელი, მართლა არსაით მქონდა, ვერავის მივმართავდი. სრულიად უცხო ადამიანი, შეიძლება გახდეს დედაზე, დაზე უფრო ახლობელი, რომლებიც არ მყავს.

- ერთად ცხოვრობთ?

ნათია: არა, ის ცოტა ხნის წინ, საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ მე კი, აქ ცხოვრების უფლება მომცა. ის ჩემი ანგელოზია. მარეხი ჰქვია ჩემს ანგელოზს. იმასაც კი დამპირდა, რომ ფულს როცა იშოვნის, მეც დამეხმარება. ნუთუ შეიძლება, ადამიანი ამდენად კეთილი იყოს? არც კი ვიცი. მე აქამდე, ასეთები ნამდვილად არასდროს შემხვედრია. მხოლოდ მისი დამსახურებაა, ახლა შვილები ცოცხალი რომ მყავს. მე დამიტოვა ყველაფერი რაც ჰქონდა: ჭურჭელი, საწოლები. წამოდით, გაჩვენებთ.


 „ყველაფერი, რასაც ამ სახლში ხედავთ, მე კი არა, ჩემს მფარველ ანგელოზს ეკუთვნის“

- მგონი, თქვენი ანგელოზსაც კი, ძალიან გაუჭირდებოდა აქ ცხოვრება...

 ნათია: რას ამბობთ... ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის, ეს ნამდვილი სასახლეა. თუმცა, მართლაც ვოცნებობთ ნორმალურ სახლზე.

- ნორმალურ სახლში რას გულისხმობთ?

ნათია: სააბაზანო და საპირფარეშო რომ გვქონდეს. წყალი რომ მოდიოდეს, შორიდან რომ არ იყოს სათრევი. სუფთა ოთახი და საწოლები. მაგიდა და სკამები, სამი ცალი მაინც. აი, ეს იქნებოდა ნამდვილი სასახლე.

 „მინდა, ყველგან საჭმელი იდოს. იქაც და აქაც“

 ილია (6 წლის): და კიდევ, ყველგან საჭმელი რომ იდოს! კარადას გამოხსნი - საჭმელი დევს. მაგიდას შეხედავ - იქაც საჭმელი! საწოლის ქვეშაც - საჭმელი!

რატი (2 წლის): და ყველგან „პეჩე“ და „კაკა“.

რატის შეუძლია, მაცივარი დღეში ორასჯერ მაინც გამოაღოს იმ იმედით, რომ იქ „პეჩე“ და „კაკა“ გაჩნდება

 - რა?

 ილია: „პეჩენიას“ და კანფეტს ეძახის ასე. დილიდან რომ დაიწყებს ტირილს: „პეჩე, კაკა... პეჩე, კაკა“, და აღარც ჩუმდება! 

 - შენ არ ტირი?

 ილია: პატარა ხომ არ ვარ? ხანდახან, კი. ვტირი იმიტომ, რომ ტოსტერი მინდა-ა-ა-ა-ა...

 - რად გინდა ტოსტერი? მეგონა, შენც, ყველა ბავშვივით „კაკები“, ან სათამაშოები გინდოდა.

 ილია: აქ რომ მოვედით, ეგ ჯადოსნური ნივთი დაგვხვდა. ჩვეულებრივ პურს ჩადებ. თუ ხმელია, შეგიძლია დაასველო და მარილი მოაყარო. ან, კარაქი წაუსვა, თუ არის. ჩადებ, დახურავ, ელოდები, ელოდები, ელოდები, და ნამდვილი, გემრიელი საჭმელი გამოდის. უგემრიელესი! თითებს ჩაიკვნეტ!


 „ტოსტერი რომ მქონდეს, გასკდებოდი, იმდენ პურს გაჭმევდი!“

 - კიდევ რაზე ოცნებობ, ტოსტერის და საჭმლის გარდა?

 ილია: „მანქნების“ ხელოსანი რომ გამოვიდე. მანქანები ჰყავთ და ბევრ ფულს შოულობენ!

 - დავუშვათ, უკვე ხარ ყველაზე მაგარი „მანქნების“ ხელოსანი და ბე-ე-ე-ევრი ფული იშოვე. ახლა კი, მაღაზიაში მიდიხარ. პირველ რიგში, რას იყიდიდი.

 ილია: ტოსტერს, და ჭურჭელს დედიკოსთვის. კიდევ, პურს, კარაქს და კანფეტებს. ალბათ, სულ ეს არის.

 „არც გაზი გვაქვს, არც წყალი - პირველყოფილი ადამიანებივით ვცხოვრობთ“

ნათია: მგონი, „პეჩენია“ და კანფეტი დედაზე მეტად უყვართ. იშვიათად ხედავენ! წელიწადში ერთხელ, თანხის გადადება თუ მოვახერხე, რამე ტკბილს ვყიდულობ. თორემ ყოველდღე ბრინჯი და მაკარონი, ბრინჯი და მაკარონი, ბრინჯი და მაკარონი... აღარ შეგვიძლია. დანახვა აღარ გვინდა. მაგრამ, რა ვქნათ, აბა?

 - არასრულფასოვანი კვების გამო, ბავშვებს შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. 

 ნათია: რამდენიმე თვის წინ, ილია კინაღამ დამეხრჩო. ისე შემეშინდა! სასწრაფოდ წავიყვანე ექიმთან. მან ინჰალაცია დაუნიშნა, მითხრა, რომ ასთმა კი არა, ჰაერის უკმარისობა დაემართა. ალბათ, საცხოვრებელი პირობების გამო. შეხედეთ ამ კედლებს, სულ ობიანია! უფალს მადლობას ვწირავ, ჩემს შვილებს აქამდე რამე სერიოზული რომ არ დაემართათ.

 „მხოლოდ საჭმლის მოსამზადებლად რომ ვიხმარო, ერთი ბალონი, ორი კვირა ძლივს გვყოფნის. დასატენად კი, შორს მიწევს წასვლა“

 - ალბათ, ინჰალატორი გჭირდებათ და წამლები, ბავშვისთვის?

 ნათია: არა, ინჰალატორი ერთმა კეთილმა გოგონამ მაჩუქა, წამლები არ სჭირდება. ყველაზე მეტად, საკვები პროდუქტი გვჭირდება.

- საწოლები? ლოგინის თეთრეული? თქვენ ხომ, არაფერი არ გაგაჩნიათ!

 ნათია: არა. მხოლოდ პროდუქტი მჭირდება, ბავშვებისთვის ტანსაცმელი, და კიდევ, ალბათ მაგიდა და სკამები. სარეცხი მანქანა რომ გთხოვოთ, აზრი არ აქვს - წყალი არ გვაქვს. მაცივარი არ გვჭირდება - რა გვაქვს შესანახი? საწოლები ყოფილმა მეპატრონემ დაგვიტოვა. აი, „პეჩენიასაც“ თუ მოიტანთ... ის ხომ არ ფუჭდება? ყოველდღე, თითო-თითოს მივცემდი ბავშვებს! ძალიან მაგარი იქნებოდა! სხვა არაფერი გვჭირდება. მართლა. ხო, გამახსენდა, კიდევ მაგიდა გვჭირდება!

 „დედამ დამპალი ფიცარი მორზე დადო, მაგიდის ნაცვლად გვაქვს“

ილია: სანამ ბევრ ფულს შევაგროვებ, შეგიძლია, ტოსტერი მომიტანო? რატისთვის კი, ორი მანქანა და ორი ცალი „იარაღი“. „სროლობანას“ და „მანქანობანას“ ვითამაშებდით! 

- იქნებ გინდა, რამე გემრიელიც რომ მოგიტანოთ? 

 ილია: არ ვიცი, რომელი საჭმელი მიყვარს, არ მახსოვს. მაგრამ კარგი, შეგიძლია რამე მოიტანო. მოდი, გელოდები!

 „მომიტანეთ „პეჩე“ და „კაკა“! გთხო-ო-ო-ო-ოვთ“

***
          მარტოხელა დედას, ნათიას, რთული ბედი აქვს. ორი შვილის პატრონი, ამქვეყნად სრულიად მარტო დარჩა. საბრალო ქალი, მთელი ძალებით ეჭიდება სიცოცხლეს და ცდილობს, შიმშილითა და სიცივით არ დაიხოცონ, მაგრამ სოციალური დახმარების ერთი ბეწო თანხა, არ ჰყოფნის იმაშიც კი, რომ თავის შვილებს ელემენტარული პირობები მაინც შეუქმნას. პატარები - ორი წლის რატი და ექვსი წლის ილია, ცხოვრობენ საშინელ, ძირფესვიანად დამპალ ოთახში, რომელიც დანგრევას ექვემდებარება! დამტვრეულ საწოლზე სძინავთ, და მუდამ აკლიათ საკვები. არც ტანსაცმელი აქვთ, არც ფეხსაცმელი. თქვით, მეგობრებო, ნუთუ ასეთ პირობებში უნდა იზრდებოდნენ ქართველი ბავშვები?
მათ ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ. მადლობელი იქნებიან ნებისმიერი სახის დახმარებისთვის: პროდუქტი, პამპერსი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ასევე, ძალიან გვთხოვეს მაგიდა, სკამები და ტოსტერი! რემონტში დახმარებას ან ტექნიკის შეძენას, არანაირი აზრი არ აქვს! უბრალოდ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ გარდა ოჯახის წევრებისა და ახლობლების, სრულიად უცხო ადამინებსაც, მათი ტკივილის გულთან ახლოს მიტანა შეუძლიათ!
         მათი მისამართი: ბორჯომი, სოფელი ფაფა. (ყოფილი ვეტკლინიკის შენობა.)
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ ისინი.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: