ეს მშვენიერი ბავშვები ჩვენ უნდა გადავარჩინოთ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ეს მშვენიერი ბავშვები ჩვენ უნდა გადავარჩინოთ!

page info icon
2020 აპრილი 16
page info icon
2189
ძველ, გატეხილ საწოლებზე სძინავთ, აქ არაფერია მთელი და ახალი...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,370 ₾
( 112 დონორი )
დასრულებულია

ეს მშვენიერი ბავშვები შიმშილობენ!..

  ოჯახი თბილისის გარეუბანში ცხოვრობს, დანგრევის პირას მისულ სახლში, უზარმაზარი ბზარებით. ზოგიერთი კედელი მუყაოთი და ძველი საბნებითაა „დათბილული“. „ხანდახან მეჩვენება, რომ საყრდენ კედელს სწორედ ეს კარადა ამაგრებს“ - ამბობს დედა, ანა. ამ ნანგრევებში არანაირი საცხოვრებელი პირობა არ აქვთ. ჭერიდან წყალი ჩამოდის, კედლები გაცრეცილი, იატაკს დიდი ხვრელები აქვს, ნესტია და ზოგიერთ ფანჯარას შუშაც კი არ აქვს. აქაურობა, სულ მცირე, 30 წელია არ გარემონტებულა.

ძველ, გატეხილ საწოლებზე სძინავთ, აქ არაფერია მთელი და ახალი...

  შეხედეთ სურათებს! სიტყვები აქ ზედმეტია. თავადაც  ხედავთ, დღევანდელ საქართველოში, ჩვენს მეზობლად, ჩვენი თანამემამულეები რა საშინელ პირობებში ცხოვრობენ!

ანა სტაჟაძემ გვიამბო თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ:

- ანა, წარმოუდგენელია, რომ ადამიანმა შეიძლება ამ ნანგრევებში  იცხოვროს, არ გეშინიათ?

ანა: გვეშინია, მაგრამ რას ვიზამთ? სამაგიეროდ ქირას მაინც არ ვიხდით!

- რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

ანა: აღარ შემიძლია, იმაზე ფიქრი, ბავშვებს რა ვაჭამო. მინდა წელიწადში ერთხელ მაინც,  ახალი ტანსაცმელი ვუყიდო, არ მეშინოდეს, რომ ეს წყეული კედელი, ერთ  დღეს, თავზე დაგვენგრევა... ბავშვები მინდა სითბოში მყავდეს.  განა ეს ცხოვრებაა? ჩვენ ხომ მცირედითაც კმაყოფილი ვიქნებოდით.

- შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენი ოჯახის შექმნის ისტორია?

ანა: ამ თვეში ზუსტად 20 წელი სრულდება, რაც ჩემი მეუღლე, გიორგი გავიცანი. შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი, ეკლესიაში, ღამისთევის ლოცვის დროს. მაშინ სკოლაში ვსწავლობდი... ჩვენი ისტორია ძალიან ლამაზად დაიწყო. გიორგი ყოველთვის უზომოდ ყურადღებიანი იყო. 5 წელი ერთმანეთს ვხვდებოდით, შემდეგ კი დავქორწინდით. ყველა სირთულის მიუხედავად, 15 წელია ერთად ვართ და სამი შვილი გვყავს.

- ვინმე გეხმარებათ? მშობლები ან ნათესავები?

ანა: დედაჩემმა ახლახანს მეოთხე ოპერაცია გადაიტანა და ვერ მეხმარება. დედამთილიც ძალიან ცუდად მყავს, თავადაც დახმარება სჭირდებათ. გიორგი თანახმაა ნებისმიერ სამსახურზე. ძალიან პატიოსანი, შრომისმოყვარე და გულმოდგინეა, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში, რა ძნელია სამსახურის შოვნა. სამწუხაროდ მუდმივი სამსახური ვერ ნახა. ჩემს დედამთილს კი ყოველთვე 169 ლარის წამლები სჭირდება. აუცილებლად უნდა დავეხმაროთ, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ნენე ხელოვნურ კვებაზეა. იანვარში მამათილი გარდამეცვალა, ერთი წელი  საწოლს იყო მიჯაჭვული. მადლობა ჩემს მულს, ქეთევანს, ხანდახან დედა რომ თავისთან მჰყავს. მაგრამ ისიც ქვრივია და სამი შვილი ჰყავს. ფინასურად ვინ დაგვეხმარება? ყველას თავის საფიქრალი აქვს.

-  გიფიქრიათ, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით?

ანა: ჩვენ მხოლოდ ის გვსურდა, რომ ბავშვებმაღირსეულად იცხოვრონ. ჩვენი მიზანი იყო ჩვეულებრივი, ბედნიერი ოჯახისა და ჯანმრთელი შვილების ყოლა. მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. არ მიყვარს წუწუნი. არ გვაქვს ტექნიკა - არა უშავს, მაგის გარეშეც ცხოვრობს ხალხი. მაგრამ როდესაც შენს შვილებს შიათ, ტანსაცმელი არ აქვთ, არ აქვთ საშუალება, რომ ისწავლონ და განვითარდნენ... და ვერაფერს შველი, სწორედ ესაა ყველაზე დიდი ტკივილი.

- ვინმეს მიმართეთ დახმარებისთვის? ადგილობრივი მმართველობისთვის, მაგალითად?

ანა: ყველგან მაქვს შეტანილი განცხადება. მაგრამ მიუხედავად ამდენი ძალისხმევისა, ყველგან უარი მითხრეს, იმ მიზეზით, რომ ხანში შესულებს ეხმარებიან, ან იმ ოჯახებს, სადაც 4 ბავშვზე მეტია. ერთი წელია, სოციალურ დახმარებას გვპირდებიან. რამდენიმეჯერ იყვნენ მოსული შემოწმებაზე, ხან რაღაც აერიათ, ხან ქულები გვქონდა 70000-ზე მეტი და დახმარება არ გვეკუთვნოდა. პატარა ნენესთვის, კვების ვაუჩერიც კი არ მოგცეს.

- ხსნას რაში ხედავთ, უფალი გწამთ?

ანა: ჩემი ოჯახი და უფლის რწმენა მმატებს ძალას, რომ ვიბრძოლო. მხოლოდ მათ გამო არ დავნებდი და ვაგრძელებ ყველა ოჯახურ სიძნელესთან ბრძოლას.

- უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

ანა: რა თქმა უნდა. რომ არ მჯეროდეს, არც მოგმართავდით.

- თქვენს შვილებზე გვიამბეთ, დადიან სკოლაში, ბაღში?

ანა: ჩემი შვილები, ჩემი ბედნიერება და სიამაყეა. სანდრო კარგად სწავლობს და ძალიან ვამაყობ ამით. უცხო ენების სწავლა განსაკუთრებით მოსწონს. ყოველთვის ვგრძნობ მის სიყვარულსა და გვერდში დგომას, ძალიან მეხმარება. ნინო ძალაინ ლამაზი და ჭკვიანია, სულ ცეკვავს. მზე გოგოა! საღამოობით ხელზე მექაჩება და ამბობს: „მორჩა! ახლა შენ მხოლოდ ჩემი დედიკო ხარ! ნენეს გაუშვი ხელი და მე ამიყვანე!“ ვერ ვიტყვი, რომ ეჭვიანობს, მაგრამ ჩემი ყურადღება აშკარად დააკლდა. მივუწვები გვერდით და ზღაპრებს ვუყვები. მისი საყვარელი ზღაპარი „წითელქუდაა“. დაწვრილებით აინტერესებს, რა ფერის ფეხსაცმელი ეცვა, რა ფერის კაბა, როგორი ვარცხნილობა ჰქონდა... რატომ იყო მგელი ასეთი ბოროტი, რამდენი კბილი ჰქონდა და სადაა მისი დედიკო? - ჩემი ლამაზი... მერე კი მშვიდად იძინებს.

სანდროს ძალიან მოსწონს ფიზიკა და ქიმია. ძალიან გახსნილი ბავშვია, მაგრამ როცა ხედავს, ოჯახში რა მდგომარეობაც გვაქვს, თავს იკავებს და არაფერს ითხოვს. ძალიან მახარებს, რომ სამართლიანია, კეთილი და ერთგული. ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი დედისთვის!

- რას აჭმევთ ბავშვებს?

ანა: ძალიან უბრალო რაციონი გვაქვს: მაკარონი, ფაფები, წიწიბურა, ბურღულეული, დილის ჩაი.

- სანდრო, ხომ შეიძლება გაგესაუბრო? როგორ სწავლობ? რომელი საგნები მოგწონს?

სანდრო(15 წლის): კარგად ვსწავლობ, ძალიან მომწონს ფიზიკა და მათემატიკა. კიდევ მოთხრობებს ვწერ, ჩემთვის.

- რაიმე გატაცება თუ გაქვს?

სანდრო(15 წლის): ძალიან მომწონს რაგბი. მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაა.

- რატომ?

სანდრო(15 წლის): სპორტზე სიარული არაა მარტივი. აუცილებელია ფორმა, ბურთი, ფეხსაცმელი, რომელიც შესაცვლელია, თვეში ერთხელ მაინც...

ნინო(3 წლის): მე მიყვარს ჩემი თოჯინა, ელენე. ჩემი საყვარელი თოჯინა იყო, სანამ დედიკო ცოცხალ თოჯინას, ნენეს მომიყვანდა.

- რაზე ოცნებობ? რომ გაიზრდები ვინ გახდები?

ნინო(3 წლის): მინდა ბალერინა გავხდე! იცით რატომ? ლამაზი კაბები აცვიათ და სულ ცეკვავენ! ამის გამო მათ არავინ ეჩხუბება. არავინ ეუბნება: „დაწყნარდი და ნუ ხტუნაობო.“

- არაჩვეულებრივი შვილები გყავთ, ანა.

ანა: დიდი მადლობა, სასიამოვნოა ამის მოსმენა!

- რა შემოსავალი გაქვთ? რაზე გყოფნით?

ანა: ბავშვებზე სოციალურ დახმარებას დამპირდნენ, 150 ლარის ოდენობით. მერია ერთჯერადად დაგვეხმარა 300 ლარით. იმ დილით, როცა ეს თანხა ჩამირიცხეს, პანიკაში ვიყავი. ნენესთვის კვების ბოლო შეკვრა გავხსენი. უფალმა გვიშველა და დახმარება დროულად გამოგვიგზავნა. ახლა, საბავშვო ბაღში, კახი კალაძის ბრძანებით, ნინოსთვის პროდუქტს გვაძლევენ. როგორღაც გაგვაქვს თავი, პურით, ჩაითა და მაკარონით.

- რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება. თქვენი აზრით , სახლში ახლა რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?

  ანა: ვოცნებობ, მუშაობის საშუალება რომ მქონდეს, ჩემმა შვილებმა არ იშიმშილონ და განათლება მიიღონ. არ მეშინოდეს, რომ სახლი თავზე ჩამოგვენგრევა. ნებისმიერი სახის პროდუქტი გვჭირდება, შიმშილს რომ გადავარჩინო ჩემი შვილები. ასევე, ნენესთვის ხარისხიანი ხელოვნური კვება და ბლენდერი, პატარას საჭმელი რომ მოვუმზადო. პამპერსი და სხვა ჰიგიენის საშუალებები, ტანსაცმელი ბავშვებისთვის.

- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მოგემართათ?

ანა: ბევრი კარგი რამ მსმენია თქვენი ფონდის შესახებ, წამიკითხავს და ისიც მინახავს, მანქანიდან პროდუქტს რომ არიგებდით. მერწმუნეთ, ყველა ინსტანციას მივმართე დახმარებისთვის - პოლიტიკურ პარტიებს, ფონდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ მხოლოდ თქვენ გამომეხმაურეთ. ამისთვის თქვენი ძალიან მადლობელი ვარ!

- სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, თქვენს შესახებ, თითქმის მთელი საქართველო შეიტყობს, მზად ხართ გაიცნოთ ფონდის მეგობრები?

ანა: დიახ, ნამდვილად გაგვიხარდებოდა კეთილი ადამიანების გაცნობა.

----

  მეგობრებო, როგორც ხედავთ, მრავალშვილიან ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი,  პამპერსი, საოჯახო ტექნიკა და საწოლები!

  გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ ანას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  მათი მისამართია: თბილისი, ცამეტი ასურელი მამის №12  ტელეფონის ნომერი: 568 96 13 05

  მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  ანა სტაჟაძისა და მისი სვილების დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.

   აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!

  მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: ანა სტაჟაძე) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)


მსგავსი პროექტები: